ახალი ამბებისამართალი

საია: გეგეშიძის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვება დაუსაბუთებელია

28 იანვარი, 2019 • 1524
საია: გეგეშიძის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვება დაუსაბუთებელია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2019 წლის 19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ასახავს ინფორმაციას სპორტის სასახლეში თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის დროს 11 იანვარს მომხდარი შესაძლო ძალადობრივი დანაშაულების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოწმეთა დიდი ნაწილი სწორედ გეგა გეგეშიძის დაქვემდებარებაშია და შესაძლებელია მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხე არსებობდეს.

საიას განცხადებით, კურიერის მიერ მოპოვებული ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ ძალადობრივ ინციდენტში მონაწილე პირთა შორის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძეც იყო. ასევე, როგორც საია აცხადებს, შესაძლოა, ძალადობრივი დანაშაულების ამსახველი უამრავი ვიდეომასალა არსებობდა, რომელიც ინციდენტის თვითმხილველებმა გადაიღეს, თუმცა ყველა მათგანი, სავარაუდოდ, დააშინეს და კადრები წააშლევინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 239-ე მუხლებით (ხულიგნობა) მიმდინარეობს.

2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. 24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და დროებითი ღონისძიების სახით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი