ახალი ამბები

რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ – ქორეპისკოპოსი იაკობი უკრაინის ავტოკეფალიაზე

27 იანვარი, 2019 • 1908
რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ – ქორეპისკოპოსი იაკობი უკრაინის ავტოკეფალიაზე

პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი უკარაინის ავტოკეფალიაზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველომ საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქროს.

“ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ და საქართველოს ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ გვაქვს აფხაზეთი… პირდაპირ გეუბნებით ვთქვათ ვცანით [უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია] და რუსეთმა მიიერთა აფხაზეთი.  ჯარებიც ჰყავს იქ და დააწერინა და მიიერთა. მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ,”-აცხადებს იაკობი.

2018 წლის 12 სექტემბერში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოთხოვნას ემხრობოდა. ის სინოდის პოზიციაზე არ საუბრობდა, თუმცა თავად აცხადებდა, რომ უკრაინის მოსახლეობას ამ მოთხოვნის დაყენების უფლება აქვს.

“უკრაინა დიდი ქვეყანაა. თავისთავად ცხადია, რომ ერს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ავტოკეფალია. ეს პირადად ჩემი აზრია. საქართველოს ხომ უნდა ჰქონოდა ავტოკეფალია? უკრაინამ რა დააშავა?”, – თქვა მან.


5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი  მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომლის გადაწყვეტილებასაც სახელმწიფო ელის, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი