სილქნეტი ჯეოსელის პაკეტების გაძვირების პროცესს დროებით აჩერებს

სილქნეტი ჯეოსელის პაკეტების გაძვირების პროცესს დროებით აჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქმედი ტარიფების შენარჩუნება მანამდე მოხდება, სანამ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბაზარზე მოკვლევას არ დაასრულებს. გავრცელებულ განცხადებაში სილქნეტი იმედოვნებს, რომ მარეგულირებელი მიერ ბაზრის მოკვლევა გონივრულ ვადაში მოხდება.

“ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, გაჩნდა  კონვერგენტული (გაერთიანებული) პროდუქტების შეთავაზების აუცილებლობა. სილქნეტის თანამშრომლების მრავალთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, გამოვიტანეთ ახალი  გაერთიანებული პაკეტები, რაც  საზოგადოებას   2019 წლის 16 იანვარს შევატყობინეთ. ამის შემდეგ, მოხდა მარეგულირებელი კომისიის  თავჯდომარის მიერ განცხადების გაკეთება, სადაც დაფიქსირდა ჩვენ ახალ პროდუქტებზე განსხვავებული მოსაზრება და მისი მხრიდან ეს ფასების გაძვირებად იქნა შეფასებული, ასევე  მან დააფიქსირა კვლევის ჩატარების აუცილებლობა.
მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავჯდომარესთან სილქნეტის მენეჯმენტის   ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ 1) დაველდოთ მათ მიერ დაანონსებულ კვლევის შედეგებს 2)  კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს  კვლევა  უცხოელი ექსპერტების საშუალებით,”-ნათქვამია განცხადებაში.

ნეტგაზეთს კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში უთხრეს, რომ კვლევა უკვე დაწებულია და ის 2-3 თვეში დასრულდება.

21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მაგთი და ჯეოსელი პაკეტების საფასურს აძვირებენ. ახალი ტარიფი ჯეოსელის აბონენტების შემთხვევაში პირველი მარტიდან უნდა მომხდარიყო.

იმავე დღეს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ  მაგთისა და ჯეოსელის მიერ პაკეტების საფასურის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსეობს. კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა თქვა, რომ კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.