ახალი ამბები

პროკურატურა აცხადებს, რომ კიწმარიშვილის საქმის ვიდეომასალებს სწავლობს [ვიდეო]

16 ივლისი, 2014 • • 948
პროკურატურა აცხადებს, რომ კიწმარიშვილის საქმის ვიდეომასალებს სწავლობს [ვიდეო]

პროკურატურა დღეს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ამოღებული ვიდეომასალის შესწავლა საგამოძიებო ორგანოში მიმდინარეობს:
 
 
“ამოღებულია ყველა ვიდეომასალა, რომელიც დააფიქსირა კამერამ და ტექნიკურმა მოწყობილობამ მოახდინა მისი შენახვა”,- ამბობს კოკა კაციტაძე, პროკურატურის წარმომადგენელი. 
 
 
კითხვაზე, არის თუ არა ვიდეომასალები ამოღებული საცხოვრებელი სახლიდან და მაღაზიიდან, ამბობს, რომ ამოღებულია.
 

“არის გარკვეული ვიდეომასალა, რომლის ამოღებაც ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ მისი ჩაწერა ვერ მოხერხდა ტექნიკური მოწყობილობიდან გამომდინარე. კონკრეტულად რომელი კამერებია, ასე დაზუსტებით თქმა არ შემიძლია. როცა გაიშიფრება, ზუსტად გვეცოდინება, შემთხვევის ადგილის რა მონაკვეთებს აფიქსირებს ეს ვიდეოკამერები”, – ამბობს კაციტაძე. 

 

მიწისქვეშა ავტოსადგომზე, სადაც ეროსი კიწმარიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი 15 ივლისს იპოვნეს, დღეს მისი ავტომობილი არ არის, ის ექსპერტიზის ჩასატარებლად არის გადატანილი. ავტოსადგომზე “ნეტგაზეთმა” დააფიქსირა ორი სათვალთვალო კამერა, რომელთაგან ერთი ავტოსადგომის პირველ სართულზე, ხოლო მეორე ყიფშიძის ქუჩის მხრიდან ჩასავლელში არის განთავსებული. 

 

სათვალთვალო კამერები არის დამონტაჟებული კიწმარიშივილის სადარბაზოსთან, რომლებიც სადარბაზოში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს აფიქსირებს. კორპუსის გვერდით მდებარეობს თურქეთის საელჩო, რომლის გალავანზე ასევე არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები.

 

ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს დაცვის წევრმა, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ გაამხილა, “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კორპუსში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები ჩანაწერს არ აკეთებდა. კითხვაზე, რა აზრის აქვს ასეთ კამერებს, დაცვის წევრმა გვითხრა, რომ კამერების საშუალებით დაცვის წევრები 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან კორპუსს.

 

მისი თქმით, არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის და რა გარემოებებში იპოვნეს ეროსი კიწმარიშვილის გვამი. იგი ამბობს, რომ დეტალები იცის მორიგე დაცვის წევრმა, რომელიც დღეს არ იმყოფებოდა სამსახურში. 

 

კითხვაზე, თუ რომელი ორგანზიაცია იცავს კორპუსს, დაცვის წევრმა გვიპასუხა, რომ ისინი კორპუსის მცხოვრებლებს ჰყავთ დაქირავებული და არც ერთი კომპანიის შემადგენლობაში არ შედიან. 

 

ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, 15 ივლისს ყიფშიძის ქუჩაზე, თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომზე მანქანაში მკვდარი იპოვეს. 

 

ეროსი კიწმარიშვილი 1964 წელს დაიბადა. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შ.პ.ს. “რუსთავის სადაზღვევო კომპანია. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა გაზეთი “რუსთავის ახალი გაზეთი” და მოგვიანებით შ.პ.ს. “გამა+” რომელმაც შექმნა “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”, 1994-2004 წლებში მუშაობდა “რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორად. 2004 წელს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.

 

2007 წელს მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტად. 2007 წლის დეკემბერში იყო სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსეთის ფედერაციაში. 2010 წელს იყო “ქართული პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა “მაესტროს” მართვის კომპანიას. 2014 წელს კენჭს იყრიდა რუსთავის მერის პოსტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი