ენგურზე გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო გალელებმა აქცია მოაწყვეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, “ენგურის” გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო გალის 80-მდე მცხოვრებმა გალის ადმინისტრაციის შენობასთან  საპროტესტო აქცია მოაწყო. ინფორმაციას აფხაზური მედიაგამოცემა “ნუჟნაია გაზეტა” ავრცელებს.

სოხუმის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 10 იანვრიდან, ორი თვით, საქართველოდან H1N1 -ის ვირუსის გავრცელების რისკის მიზეზით, ერთადერთი გამსვლელი პუნქტი ენგურზე ჩაიკეტა.

გამოცემა წერს, რომ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა არასასიამოვნო სიახლე გახდა გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით კვეთენ ენგურს – ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ, სოციალური დახმარებებისთვის და სავაჭროდ. ენგურის ჩაკეტვის გამო გალის ბაზარში ფასებიც მკვეთრად გაიზარდა.

გამოცემის ცნობითვე, გალის ადმინისტრაციის უფროსმა, თემურ ნადარაიამ მომიტინგეები სააქტო დარბაზში მიიწვია და სიტუაცია აუხსნა.

“აუცილებელია ვიცოდეთ, ეს ზომები მივიღეთ იმიტომ, რომ აფხაზეთში “ღორის” გრიპის გავრცელება არ დავუშვათ. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს აფხაზეთში H1N1 ვირუსისგან ოთხი ადამიანი დაიღუპა”, – განუცხადა ნადარაიამ ადგილობრივებს.

შეხვედრის დროს, როგორც გამოცემა წერს, ენგურის ხიდის გადაკვეთასთან დაკავშირებული რამდენიმე ინდივიდუალური შემთხვევა დადებითად გადაწყდა – ამ დროისთვის დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ ენერგეტიკოსებს და მძიმე პაციენტებს, რომლებიც საქართველოში მკურნალობენ.

გრიპის მიზეზით დე ფაქტო რესპუბლიკებთან გამშვები პუნქტების ჩაკეტვას თბილისიც გამოეხმაურა:

“არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების  ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან მდგომარეობა არაა ეპიდემიური და რაიმეთი უარესი წინა წლებთან შედარებით. პირიქით, გაუმჯობესებულია. ამიტომ ეს არ არის ადეკვატური საბაბი”, – განაცხადა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი