სოხუმთან ერთად ქართულ “რბილ ძალასთან” ბრძოლას ცხინვალიც გეგმავს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ ხუბაევი რეს-თან ინტერვიუში ქართული მხარის მიერ შემუშავებულ “სამშვიდობო ინიციატივებს” “რბილ ძალას” უწოდებს, რასთანაც”ბრძოლაა საჭირო”.

“თბილისის აქცენტი “რბილ ძალაზეა”, ანუ გათვლილია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საქართველოსთან საკუთარი სურვილით ინტეგრაციის სწრაფვაზე.

ფორმალურად ეს არ არის კანონსაწინააღმდეგო, რაც ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების პატრიოტულად განწყობილი ნაწილის გარეშე ართულებს მათ ნეიტრალიზაციას სამართალდამცველი ძალების მიერ. შექმნილ სიტუაციაში “რბილი ძალის” განეიტრალება სტრატეგიის ძირითადი მიმართულებაა”.

აქვე მან ისაუბრა იმ “დასავლეთის ქვეყნების ნეგატიურ გავლენებზეც, რომლებიც რეგიონის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. მათი ინტერესების გამტარებელი არიან უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თბილისიდან, ლონდონიდან, ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ფინანსდებიან”.

“ქართულ საფრთხესთან” საბრძოლველად აფხაზეთში დღეს, 21 დეკემბერს ახალ ორგანიზაციას აყალიბებენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხილაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზებისა და ოსებისთვის შემუშავებულმა სამშვიდობო ინიციატივებმა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის” , რომელსაც ოსური მხარე რამდენჯერმე გამოეხმაურა და უპერსპექტივო უწოდა, დიდი ინტერესი გამოიწვია.

თბილისის მიერ  შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივები სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. რას სთავაზობს თბილისი სოხუმსა და ცხინვალს, წაიკითხეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი