ახალი ამბები

ლონდონის გეთვიკის აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო ასობით რეისი გაუქმდა

20 დეკემბერი, 2018 • 1801
ლონდონის გეთვიკის აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო ასობით რეისი გაუქმდა

Georgian Airways-ის რეისი ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ერთ-ერთია გეთვიკის აეროპორტში გაუქმებულ 760 ავიარეისს შორის. უკვე 14 საათზე მეტია, რაც 760 ავიარეისის ათასობით მგზავრი ლონდონის გეთვიკის აეროპორტშია გაჭედილი. ამის მიზეზი გახდა აეროპორტის ტერიტორიაზე, ჰაერში, სულ მცირე, ერთი დრონის არასანქცირებული გამოჩენა. აეროპორტმა ყველა რეისი შეაჩერა უსაფრთხოების საბაბით.

სასექსის პოლიცია აცხადებს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის აფრენა არის მიზანმიმართული აქტი, რომლის მიზანიც აეროპორტის პარალიზება იყო. სამართალდამცავები მოუწოდებენ ყველას, პოლიციას მიაწოდონ ინფორმაცია იმ პირის ან პირთა შესახებ, რომლებმაც ეს აკრძალული ქმედება ჩაიდინეს.

Georgian Airways-მა ფეისბუკზე დაწერა, რომ მათი რეისი ლონდონი-თბილისის მიმართულებით (752) შესრულდება ინგლისის დროით 13:30 საათზე (თბილისის დროით 17:30)

გეთვიკის აეროპორტის ტერიტორიაზე მგზავრების ნაწილს საათების გატარება მოუწია როგორც თვითმფრინავში, ისე – აეროპორტის იატაკზე. ავიაკომპანიებმა და აეროპორტმა ის მგზავრები, რომლებიც ჯერ არ იმყოფებოდნენ აეროპორტში, გააფრთხილეს ფრენის გადადების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი