ფერმერს, რომელსაც მსხმოიარე ხეები დაუჩეხეს, ვაშლის 130 ნერგს ჩუქნიან

კერძო მეურნეობა აპირებს, რომ ფერმერს, რომელსაც გორში 130-მდე ვაშლის ხე გაუჩეხეს, ვაშლის ხის 130 ნერგი აჩუქოს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი  ტექნიკურად დახმარებას აპირებს.

ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ფერმერს რამდენიმე დღის წინ გაუჩეხეს 128, მსხმოიარობაში ახლად შესული ვაშლის ხე. დამნაშავის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობის შუამდგომლობით, ერთ-ერთმა კერძო მეურნეობამ გადაწყვიტა, ვაშლის ხის 130 ნერგი უსასყიდლოდ გადასცეს დაზარალებულს.

თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი, როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, გაჩეხილი ნერგების ამოყრასა და ახლების დარგვაში დაეხმარებიან.

გორში ფერმერს 128 ვაშლის ხე გაუჩეხეს

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა აღნიშნული ფაქტის შესახებ, სადაც განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com