ახალი ამბები

აბაშიძე უარყოფს რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას

7 დეკემბერი, 2018 • 3940
აბაშიძე უარყოფს რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ცნობებს რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი სამანქანო გზის გახსნასთან დაკავშირებით.

2 დეკემბერს ჩეჩნურმა სახელმწიფო ტელევიზია “გროზნომ” (Грозный) ეთერში გაუშვა 17-წუთიანი სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ხელახალი მშენებლობა.

საუბარია ჩეჩნეთის რაიონ იტუმ კალესა და შატილის ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზაზე, რომლის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ არ გახსნილა.

სიუჟეტის თანახმად, ჯერ კიდევ რამდენიმე კილომეტრია დარჩენილი, სანამ გზა საქართველოს საზღვარს მიაღწევს, თუმცა მშენებლობა დაწყებულია.

2018 წლის სექტემბერში რუსეთის საგზაო მშენებლობის სახელმწიფო სამმართველოს უფროსმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი სამანქანო გზის მშენებლობა გაგრძელდებოდა. მსგავსი განცხადება 2018 წლის იანვარში გაკეთებული აქვს ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვსაც:

“მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც ნანგრევებისგან გავწმინდავთ ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალ გზას, გადავაქცევთ მას თანამედროვე, მეგობრობის გზად საქართველოსა და რუსეთს შორის, და საბოლოოდ, არღუნის ხეობაში ავაშენებთ რკინიგზას, რომელიც გროზნოს გავლით დააკავშირებს მოსკოვს, თბილისსა და თურქეთს”, – განაცხადა 2018 წლის იანვარში კადიროვმა. მას არაერთხელ უსაუბრია ამ გზის გახსნის მნიშვნელობაზე.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ზურაბ აბაშიძეს, პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, და ჰკითხა, გეგმავს თუ არა საქართველო ამ გზის გახსნას, ან მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები.

ზურაბ აბაშიძემ გვიპასუხა, რომ რუსეთის მხარესთან არცერთ ფორმატში არასოდეს არ ყოფილა ამ საკითხზე საუბარი.

კავკასიის საკითხებზე მომუშავე გამოცემა OC Media-ს თანახმად, გროზნო-შატოი-იტუმ კალე-შატილის 66-კილომეტრიანი სამანქანო გზის მშენებლობა ჩეჩნეთის 2012 წლის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში იყო გათვალისწინებული, რაც 2025 წლამდე უნდა შესრულდეს.

სქრინშოთი ჩეჩნეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიიდან

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური გზა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე გადის, რომელსაც საქართველოს სამხედრო გზას უწოდებენ ხოლმე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი