ახალი ამბები

რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაჭრილები – კიევი

26 ნოემბერი, 2018 • 3351
რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაჭრილები – კიევი

მასალა განახლდა ახალი ცნობების შესაბამისად

უკრაინის საზღვარო ძალების ინფორმაციით, მათ კუთვნილ გემებსცეცხლი გაუხსნა იმ დროს, როცა ისინი ქერჩის სრუტეს ტოვებდნენ. უწყების მიერ გავრცელებული უკანასკნელი ცნობის თანახმად, შემთხვევის შედეგად უკვე ექვსი მეზღვაურია დაჭრილი.

უწყების ცნობით, ცეცხლის გახსნის შემდეგ სამივე უკრაინული გემი რუსეთის სპეც. დანიშნულების რაზმის წევრებმა დააკავეს.

“ბოლო განახლებების თანახმად, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მოექცა, მათ კურსი აქვთ დაკარგული. [ასევე], ბუქსირი “იანი კაპუ” ძალადობრივად შეაჩერეს. [შემდგომ], გემები რუსეთის ფედერაციის სპეც. რაზმის მიერ იქნა დაკავებული”, – წერს უკრაინის საზღვაო ძალების ფეისბუქ გვერდი.

მანამდე, უწყება მხოლოდ ერთი დაშავებულისა და ასევე 1 კურსდაკარგული გემის შესახებ იტყობინებოდა.

დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე ჩანიშნა თავდაცვის კაბინეტის სხდომა. შეხვედრა, ადგილობრივი დროით, 22:00-ზე დაიგეგმა.

აღნიშნული შემთხვევა 25 ნოემბრის დილას დაწყებული ინციდენტის გაგრძელებაა. კიევის ცნობით, “ღიად აგრესიული ქმედებები” რუსეთის მხრიდან პირველად მაშინ განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან[შავი ზღვა] მარიუპოლისაკენ[აზოვის ზღვა] მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულ ბუქსირს განგებ შეეჯახა, შედეგად ბუქსირის რამდენიმე ნაწილი დაზიანდა.

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ გემების გადაადგილება წინასწარ, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაგეგმილი. საპასუხოდ, რუსეთის FSB კიევს ადანაშაულებს “რეგიონში კონფლიქტური ვითარების შექმნასა” და უკანონო შეჭრაში რუსული ტერიტორიული წყლების იმ ზონაში, რომელიც “დროებით დახურულია”.

BBC-ის ცნობით, ინციდენტის შემდეგ, რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენა და აზოვის ზღვაში შესასვლელი დაბლოკა, რასაც მოსკოვი უსაფრთხოების ზომებით ხსნის. უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ კიევის კუთვნილი გემები სწორედ ქერჩის სრუტით ცდილობდნენ შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში შესვლას.

აღნიშნულიდან მალევე ადგილზე გამოჩნდა ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი, რომლებიც კიების კუთვნილ გემებს აკონტროლებდნენ.  ქერჩის სრუტის მიმართულებით ასევე გაიგზავნა CU-25-ის ტიპის რუსული ბომბდამშენები.

უკრაინული “უნიანის” ცნობით, სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, უკრაინული გემები უკან გაბრუნებას აპირებდნენ, თუმცა მათი მათ რუსული მხარე შეჩერებისკენ მოუწოდებდა და ცეცხლის გახსნით ემუქრებოდა.

2003 წლის შეთანხმების მიხედვით, რომელიც მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმდა, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა საზიარო ტერიტორიულ წყლებს წარმოადგენს. თუმცა, ბოლო პერიოდში, რუსეთმა დაიწყო ყველა ხომალდის შემოწმება, რომლებიც შედიან ან გადიან უკრაინიდან.

რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის მარტიდან აქვს ანექსირებული. უკრაინის აღმოსავლეთით კი, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები მოქმედებენ. აქ მიმდინარე საომარ მოქმედებებს 2014 წლიდან დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი ამტკიცებს, რომ სეპარატისტებს პირდაპირ დახმარებას არ უწევს და ადგილზე მხოლოდ რუსი “მოხალისეები” მოქმედებენ.

სააგენტო “უნიანი” მკითხველს სთავაზობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც, სავარაუდოდ, ცეცხლის გახსნის მომენტს ასახავს, თუმცა მისი აუთენტურობა დადასტურებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი