ახალი ამბები

ყირიმის ხიდის აფეთქება: საქართველოს მოქალაქეს რუსეთში პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

26 მარტი, 2024 • 4964
ყირიმის ხიდის აფეთქება:  საქართველოს მოქალაქეს რუსეთში პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების თაობაზე“, – წერს გამოცემა.

მანამდე ამავე საქმეზე სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილი მალიუკი.

კრემლისტური მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ 8 ადამიანი დააკავა რუსეთის 5 მოქალაქე, უკრაინისა და სომხეთის — 3, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა.

რუსეთის სპეცსამსახურების ვერსიით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ჯერ ბულგარეთში გადაიტანეს, იქიდან საქართველოში, ფოთის პორტში, საიდანაც სომხეთში მოხვდა. გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები  და სომხეთის მოქალაქე.

ეფესბეს რელიზში ნათქვამია, რომ 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ერევნის ტერმინალ „ტრანსალიანსში“ ტვირთი განაბაჟეს და დოკუმენტები შეცვალეს. გამგზავნად მიუთითეს შპს „გუ-არ-ჯი გრუპი“ (სომხეთი, ქ. ალავერდი), ხოლო მიმღებად – შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).

კრემლისტური მედია წერს, რომ 8 ოქტომბერს, დილით, ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა მიმავალ მატარებელში საწვავით სავსე შვიდ ცისტერნას. ნაწილობრივ ჩამოიშალა ორი საავტომობილო მონაკვეთი, დაიღუპა ოთხი ადამიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახვველიძის თქმით, საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან.

„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“ ,- ამბობს დარახველიძე.

მანამდე მომხდართან კავშირი ასევე უარყო ფინანსთა მინისტრის მოადგილემ – გიორგი კაკაურიძემ. მან განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი