7 000 – დან 35 000 ლარამდე გრანტები აფხაზებისთვის და ოსებისთვის

სამშვიდობო ინიციატივისნაბიჯი უკეთესი მომავლისკენფარგლებში, თბილისში, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისების მიზნით შემუშავებული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი საგრანტო კომპონენტი ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამუშავდება, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა  გააცნეს.

“ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას”.

ოფიციალური ცნობით, პროგრამის ბენეფიციარი,  შეიძლება გახდეს აფხაზეთში, ან ცხინვალის რეგიონში, აგრეთვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები  18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი. 

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება: 

ა) 7 000 ლარამდე  ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ბ)  15 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

გ) 20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;  

დ) 35 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, შერჩევის პირველ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას ქართულ ან აფხაზურ ენებზე. მეორე ეტაპზე კი ბიზნესგეგმები შეფასდება და  გამარჯვებულები გამოვლინდებიან. შერჩევის პროცედურები განხორციელდება გამყოფ ხაზთან მიმდებარე რუხის ცენტრში განთავსებულ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სერვის ცენტრში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი