ახალი ამბები

მელიას თქმით, ონში მათი შტაბის უფროსი “ოცნების” აქტივისტებმა დაჭრეს, მერი – უარყოფს

22 ნოემბერი, 2018 • 2310
მელიას თქმით, ონში მათი შტაბის უფროსი “ოცნების” აქტივისტებმა დაჭრეს, მერი – უარყოფს

გაერთიანებული ოპოზიციის (“ძალა ერთობაშია”) ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ონში გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე “ქართული ოცნების” აქტივისტებმა დაჭრეს. ონის მერი ამ ინფორმაციას უარყოფს.

[red_box]რას ჰყვება ნიკა მელია[/red_box]

ნიკა მელიას ინფორმაციით, წუხელ 23:30 საათზე ნოდარ ბურდილაძეს სახლში მიაკითხეს “ოცნების” აქტივისტებმა კ.ი-მ და გ.მ-მა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოყვა კონფლიქტი, რის შედეგადაც მას 3 ჭრილობა მიაყენეს მუცლის არეში, ცივი იარაღით.

მისი თქმით, ბურდილაძის სახლთან პოლიციის მანქანის სწრაფად მისვლა ვერ მოხერხდა, რის გამოც ეს უკანასკნელი თავის ავტომობილში ჩაჯდა და თვითონ გაემართა საავადმყოფოს მიმართულებით. გზაში მელიას ინფორმაციით, ბურდილაძემ გონება დაკარგა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. 10 წუთის შემდეგ ის გონზე მოვიდა და საავადმყოფოში ფეხით მივიდა.

მელიას ინფორმაციითვე, საავამყოფოს კონტაქტი ჰქონდა ონის მერთან, ემზარ საბანაძესთან, რომელიც შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამაა. მელიას მტკიცებით, ცდილობდნენ, რომ ბურდილაძე არა ცივი იარაღით დაჭრილად, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულად გაეფორმებინათ. მელია აცხადებს, რომ დაჭრილს რამდენიმე საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ავარიით დაზარალებულად ვერ გააფორმებდნენ, რეანომობილით თერჯოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, პაციენტი თერჯოლის საავადმყოფოში 06:00 საათზე შევიდა.

ნიკა მელიას ინფორმაციით, დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

[blue_box]რას ჰყვება ონის მერი[/blue_box]

ონის მერი ემზარ საბანაძე ნეტგაზეთთან ადასტურებს, რომ ის ღამით ონის საავადმყოფოში მართლაც იმყოფებოდა ბურდილაძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მელიას მონათხრობს არ ადასტურებს და მას სისულეებს უწოდებს.

ონის მერის თქმით, ბურდილაძის სახლთან ახლოს მდებარე ელქსელებში დაცვის სამსახურს ხმამაღლა ელაპარაკებოდა კ.ი, რომელიც ამ უკანსკნელის თქმით, “ოცნების” აქტივისტი არაა და არც არასდროს ყოფილა. ამ დროს მისივე მონაყოლით, სახლიდან გამოვიდა ბურდილაძე, რომელიც ასევე ნასვამი იყო და კ.ი-ს უთხრა, რომ ხმამაღლა საუბრისაგან თავი შეეკავებინა. ონის მერი ამტკიცებს, რომ კონფლიქტი სწორედ ამ ნიადაგზე, შელაპარაკების შედეგად დაიწყო. ონის მერის ინფორმაციით, ჩხუბში ბურდილაძე მოწინააღმდეგეს მოერია, თუმცა კ.ი-მ ის დანით დაჭრა. რაც შეეხება მელიას მიერ დასახელებულ მეორე პირს, ონის მერის ცნობით, ის ელქსელების დაცვის თანამშრომელია.

ამის შემდეგ ონის მერი იგივე ვერსიას ავითარებს, რასაც მელია, რომ ბურდილაძე საავადმყოფოში თავისი მანქანით წავიდა, გზაში ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა.

ონის მერი ამბობს, რომ მას ღამის პირველის ნახევარზე დაურეკეს და ის საავადმყოფოში მივიდა. საბანაძის თქმით, ის ბურდილაძესაც ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ წაიქცა და არმატურის რკინაზე დაცემის შედეგად მიიღო დაზიანება. ონის მერის თქმით, მას ჩხუბის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ბურდილაძისთვის ეს აღარ უთქვამს, რადგან ცუდად მყოფ ადამიანთან დისკუსიას მიზეზებზე მოერიდა.

“მთავარმა ექიმმა მთხოვა იქნებ რეანომობილი გამოგვეძახებინა, რომ რაღაც გართულებულიყო, გამოვიძახეთ რეანომობილი, იქ ვიყავი 04:30 საათამდე და გავაცილეთ თერჯოლის საავამდყოფოში”, – ამბობს ონის მერი.

ნეტგაზეთმა მას სთხოვა დაეზუსტებინა, რატომ სთხოვდა მას ექიმი რეანომობილის გამოძახებას, როდესაც ეს საავადმყოფოს საქმე იყო. ონის მერი ამბობს, რომ არასწორად გავუგეთ:

“მე კი არ გამოვიძახე, გამოიძახეს-მეთქი, უბრალოდ ითქვა, რომ რამე გართულება რომ არ მოხდეს, შეიძლება ამას საფუძველი დაუდონ… გამოვიძახეთ რეანომობილი და გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში”.

რაც შეეხება იმას თუ რატომ არ ჩაუტარდა ოპერაცია დაზარალებულს ონში და რატომ გადაიყვანეს ის თერჯოლაში რამდენიმე საათის შემდეგ, ონის მერი ამბობს, რომ ონის საავადმყოფოში შესაბამისი პირობები, ასევე სისხლის ბანკი გადასახმებისთვის არ არის და მისი რეანომობილით გადაყვანა გადაწყდა, რასაც დაზარალებულის ახლობლებიც იზიარებდნენ, საბანაძის ინფორმაციით.

ონის მერს ასევე ვკითხეთ, თუ ეს მხოლოდ ორ ადამიანს შორის მომხდარი კონფლიქტი იყო, ის რატომ მივიდა ღამის საათებში საავადმყოფოში?

“რა მნიშვნელობა აქვს, ასეთ დანაშაულზე ყოველთვის მივდივარ საავადმყოფოში: ავარიაა, ჩხუბია, ტრავმა… ყოველთვის მივდივარ, ხან მანქანა სჭირდებათ გადასაყვანად…”.

მისივე ინფორმაციით, მათ მერიაში სამსახური ჰყავთ, რომელსაც ექიმი ურეკავს და შემდეგ მას დაცვის სამსახური ატყობინებს მსგავსი შემთხვევების შესახებ. ამასთან საბანაძის ცნობით, ის ბურდილაძეს პირადად იცნობს და მასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს. ასევე, გამომდინარე მისი პოლიტიკური სტატუსიდან, არ სურდა მომავალში სალაპარაკო გამხდარიყო, რომ ის ოპონენტს არ დაეხმარა საავადმყოფოში და ზომები არ მიიღო.

რას ამბობს შსს

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტრო ირწმუნება, რომ შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შსს-ს ცნობით,  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მას მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა.

“აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერ ლი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა ენმ-ს წევრს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც  7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი