ახალი ამბები

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

3 ნოემბერი, 2018 • 1614
ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიას და მის მოადგილეს, გია გულორდავამ თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს, 3 ნოემბერს გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე 1 ნოემბერს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და  რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას  11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

13 სექტემბერს ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის ზუგდიდის მერის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი