მედიის პოლარიზაცია: “იმედის” საგანგებო რეჟიმი და “რუსთავი 2-ის” წიწაკები

ტელეკომპანია “იმედი” ორიოდე დღის წინ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ჩვენ ვიმუშავებთ რეჟიმის [ენმ-ის] დაბრუნების წინააღმდეგ, ასე დააანონსეს არხის წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საეთერო ბადის ცვლილება.

ტელევიზიის ეს ნაბიჯი მაყურებლისათვის საკამათო გახდა, მედიის ანალიტიკოსების ნაწილისათვის კი, შეშფოთების საფუძველი. რას ნიშნავს “იმედის” ეს გადაწყვეტილება, როგორ ეწერება ის პოლარიზებულ მედიაგარემოში, შესაძლოა თუ არა “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” მსგავსებაზე საუბარი და სად არის ამ უკიდურესად დაძაბულ გარემოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ადგილი?

ნეტგაზეთი” ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა მედიაკრიტიკის პლატფორმა “მედიაჩეკერის” ანალიტიკოსს, ლაშა ქავთარაძეს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

  • საარჩევნო პერიოდში ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა არ არის გაუგონარი პრაქტიკა. თუმცა “იმედის” შემთხვევაში არც ასე მარტივადაა საქმე — თვითონ არხს აქამდე არ ჰქონია დეკლარირებული სიმპათიები “ოცნების” მიმართ, არა? მისთვის, ვინც არ უყურებს ტელევიზორს, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ერთ დღესაც განაცხადეს, რომ მხარე არიან, ეს არის და ეს, აქვთ ამისი უფლება და მორჩა. რატომ შეიძლება ეს ამბავი არ იყოს ასე მარტივი?

პირველ რიგში, არ მგონია, რომ “იმედს” აქამდე არ ჰქონდა რამე გაცხადებული. საინფორმაციო გამოშვებებს თუ უყურებდა ადამიანი და ელემენტარულ დაკვირებას თუ გააკეთებდა, აშკარა იყო, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკა მიმართული იყო ერთი კონკრეტული კანდიდატის წინააღმდეგ წინასაარჩევნო პერიოდში. ზუსტად ისევე, როგორც “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო პოლიტიკა იყო მიმართული სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, “იმედი” გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ იყო მიმართული.

საერთოდ, ამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგზე მთავარი მახასიათებელი სწორედ ეს იყო — მედიასაშუალებები რომელიმე კანდიდატის მიმართ განსაკუთრებულად პოზიტიური გაშუქებით კი არ გამოირჩეოდნენ, არამედ ოპონენტი კანდიდატის მიმართ ნეგატიური გაშუქების განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლით. ეს ქარტიის მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგშიც კარგად ჩანს.

“იმედის” ეს გაცხადებული პოლიტიკა ენმ-ის თუ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ პირადად ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც მეტ-ნაკლებად რეგულარულად უყურებს ამ არხის საინფორმაციო გამოშვებას, არ იყო სიახლე.

სიახლე იყო ვორდინგი, რომელიც მათ გამოიყენეს — “საგანგებო რეჟიმი”, რაც ჩემთვის ცოტა სასაცილო იყო. საგანგებო რეჟიმი ნიშნავს, რომ ქვეყანა იქცევა და არხი ყველანაირი წესისა და კანონის დარღვევას აპირებს, რათა კონკრეტულ მიზანს მიაღწიოს. როგორც წესი, ასეთ საგანგებო რეჟიმები ომის დროს, სამოქალაქო ომის დროს, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ცხადდება ხოლმე. მაგ დროსაც, სავარაუდოდ, გარკვეული პროტოკოლი უნდა დაიცვა.

დანარჩენი, რასაც აქამდე აკეთებდნენ, ალბათ იმავეს გააკეთებენ. განსხვავება იქნება ის, რომ რამდენიმე ტოქშოუ უფრო ხშირად გავა ღამის ეთერში. საინფორმაციო სიუჟეტებში არც მანამდე გამოირჩეოდნენ ვაშაძისადმი ნეიტრალური დამოკიდებულებით და არც ახლა აღარ იქნებიან, როგორც თვითონ თქვეს.

  • ჩანდა თუ არა ამ გადაწყვეტილებაში ჟურნალისტების ნება? ხომ არ შეაფასებდით ამას სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად?

ეს არის ამ ამბის ალბათ ყველაზე სევდიანი ნაწილი, — არხის გადაწყვეტილებაში, გამოაცხადოს საგანგებო რეჟიმი და თქვას, რომ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის ცალსახა მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგეა, საერთოდ არ ჩანს ჟურნალისტების ადგილი. არ ჩანს, ჟურნალისტებს სურთ თუ არა, ეს ასე იყოს. ალბათ, ფაქტის წინაშე მოუწევთ დადგომა — ან დათანხმდნენ ამ არჩეულ პოლიტიკურ კურსს, ან არადა, სამსახური დატოვონ.

  • 11 ოქტომბერს სამსახური დატოვა არხის ერთ-ერთმა წამყვანმა, თამუნა ჩიხლაძემ. როგორც თვითონ თქვა, მისთვის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ხომ არ ხედავთ კავშირს ამ ორ ამბავს შორის?

ეს არჩევნებამდე მოხდა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სარედაქციო პოლიტიკას აღარ ეთანმხებოდა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილა ამ ბოლო პერიოდში, შესაბამისად, ესეც ცოტა უცნაურია. ალბათ, შიდა პროცესების უკეთ მცოდნე ადამიანი უკეთ იტყვის, რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტმა იმ კონკრეტულ მომენტში წამოსულიყო არხიდან.

გარე დამკვირვებლის თვალით “იმედის” სარედაქციო პოლიტიკაში არსებითი ცვლილება არ არის. მას შემდეგ, რაც არხი დაუბრუნდა პატარკაციშვილების ოჯახს, “იმედი” არის ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი არხი და ოპოზიციისადმი კრიტიკულად განწყობილი, ისევე როგორც “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ არის ენმ-ის მიმართ კეთილგანწყობილი, “ქართული ოცნების” მიმართ კი – კრიტიკულად.

  • თუმცა “რუსთავი 2”, მისი დირექტორი ნიკა გვარამია, ყოველთვის ამბობდა, რომ მხარს უჭერს მათ, ვისაც “პროდასავლურ პარტიებად” მოიაზრებენ…

არ ვიცი, გვარამია ერთპიროვნულად თუ გადაწყვეტს, რა არის პროდასავლურობა, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ, იმავე ლოგიკით, “ქართულ ოცნებას” რომ ჰკითხო, ისიც პროდასავლური პარტიაა…

საბოლოოდ, ეს საკითხი დადის პარტიულ პოლიტიკამდე. ქართული მედიის მახასიათებელიც და ტრაგედიაც ის არის, რომ დიდი მედიები იდეოლოგიებს ან არჩეულ სარედაქციო პოლიტიკას კი არ ემსახურებიან, არამედ კონკრეტული პოლიტიკურ დღის წესრიგის დანამატებად არიან ქცეული.

  • “რუსთავი 2”-ზე საუბრისას, ალბათ, უნდა გავიხსენოთ ნიკა გვარამიას პოსტი, დავიმახსოვროთ “მოღალატე ზურაბიშვილის დამხმარეები”, უკიდურესად უნდა შევიწროვდნენო და ა.შ. ასევე წიწაკის ჭამის კამპანიის დაწყება ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ა.შ. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია თუ არა ამ ორი არხის საპირისპირო პოლუსებად განხილვა?  

მე არ მქონია განსაკუთრებული რეაქცია, როდესაც “იმედის” საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ამბავი გავიგე. რა მნიშნველობა აქვს, ამას დეკლარირებულად გააკეთებ, თუ არხიდან წიწაკების ჭამას დაიწყებ და იტყვი, რომ ყველა, ვინც შენს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ჯგუფს უჭერს მხარს, არის მოღალატე?

დიდი მედიები ორად არიან გაყოფილი, გვყავს მთავარი პოლიტიკური ჯგუფების მხარდამჭერი მედიები, შესაბამისად, “იმედის” ეს გადაწყვეტილებაც გასაკვირი საერთოდ არ არის. გასაკვირია, რატომ აირჩიეს ამ “საგანგებო რეჟიმისა” და აპოკალიპტური ვორდინგი.

მთავარი უბედურება არის სწორედ პოლარიზება. ალბათ იმის გამო, რომ “იმედი” ხელისუფლებას უჭერს მხარს და “რუსთავი 2” ოპოზიციას, “იმედის” ბამბა უფრო მეტად ჩხრიალებს, ვიდრე “რუსთავი 2”-ის. მაგრამ სინამდვილეში მთავარი უბედურება არის ეგ პოლარიზება, რომლითაც ყველაზე მეტად მაყურებელი ზარალდება, რომელმაც უნდა ირბინოს არხიდან არხზე, რომ საერთო ჯამში ობიექტური სურათი მიიღოს რეალობის.

  • გასაგებია, რომ კერძო არხები არიან და აქვთ ამის უფლება, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური სიმპათიების ქონა არ ნიშნავს აუცილებლად ასეთ ჟურნალისტიკას, არა? “მედიაჩეკერისთვის” ერთ-ერთ ბლოგში წერდით, რომ პროფესიულ წრეებში ერთგვარი კონსენსუსი არსებობს, რომ იმ შინაგანი ნაკლის კომპენსირებისათვის, რასაც ობიექტურობის შეუძლებლობა ჰქვია, მედიაში დასაქმებულებმა ფაქტს ფაქტის ადგილი უნდა მიუჩინონ, მოსაზრებას – მოსაზრებისა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ პრაქტიკას მიჰყვება ეს ორი არხი?

გვარამიას გადაცემის შემთხვევაში, “რუსთავი 2”, ალბათ, მიჰყვება ამ პრინციპს იმიტომ, რომ ეს გადაცემა როდესაც ეთერში გავიდა, ნათქვამი იყო, რომ ეს იქნებოდა არა ობიექტური ჟურნალისტიკა მიუკერძოებლობის სტანდარტებით, არამედ ფაქტების სუბიექტური ინტერპრეტაცია.

რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს, მანდ უფრო გვაქვს საშუალება, დავაკვირდეთ, რამდენად აშუქებენ ფაქტებს ფაქტების დონეზე. მანდ სხვადასხვა პრაქტიკაა.

ნიკა გვარამია, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. ფოტო: ნიკა გვარამიას ფეისბუკ გვერდი

ყველაზე უხეში მაგალითები რომ ავიღოთ: ზაზა სარალიძის ამბების გაშუქებისას, რამდენიმე კვირის წინ პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას, “იმედი” ასეთ პრაქტიკას იყენებდა: აშუქებდა, ოღონდ ამბავს ყვებოდა საინფორმაციო გამოშვების შუაში და არა თავში. თავში შეიძლება გასულიყო, მაგალითად, მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლა. მაშინ როდესაც “რუსთავი 2” სარალიძის ამბავს პირველ ამბად აშუქებდა და ჰქონდა პირდაპირი ჩართვები და ცდილობდა დუღილის ტემპერატურის მომატებას.

მარიხუანის თემასთან დაკავშირებით “იმედი” ცდილობდა კულტივაციის და გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შედარებით რაციონალური არგუმენტები მოეტანა სიუჟეტებში, მაშინ როდესაც “რუსთავი 2” უფრო მეტად ცდილობდა, წინ წამოეწია “ვაზის გაჩეხვის, ვაზის მაგივრად მარიხუანის დათესვის” სენტიმენტები და ცოტა უფრო მეტად მიჰყვებოდა ენმ-ის ნარატივს ამ საკითხზე.

შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ფაქტებს არ აშუქებენ, ოღონდ არის სხვადასხვა ტაქტიკა ამ ფაქტების გაშუქებისა — სამაუწყებლო ბადეში რომელ ადგილზე იქნება ამბავი, რომელი მხრიდან მოაბამენ ქოთანს ყურს და ა.შ.

  • როგორი შთაბეჭდილება რჩება — პარტიების დღის წესრიგი ახდენს ზეგავლენას მედიაზე, პირიქით ხდება, თუ საერთოდაც, ემთხვევა პარტია-ტელევიზიების დღის წესრიგები ერთმანეთს?

ვერ წარმომიდგენია, რომ ტელევიზიებმა მოახდინოს ზეგავლენა პარტიების დღის წესრიგზე. უფრო პირიქით მგონია, რომ პარტიები ახდენენ გავლენას მედიის დღის წესრიგზე.

საერთოდაც, ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უბედურება ეგ არის, რომ გარე სუბიექტები — პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები თუ საჯარო სივრცის სხვა სუბიექტები — ზედმეტად ახდენენ მედიების დღის წესრიგზე გავლენას.

მონიტორინგის შედეგებიც რომ ნახოთ, ყველა — ქარტიისაც, “ინტერნიუსისაც” და “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისაც” — ერთხმად აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ მედია არ ქმნის, ასე ვთქვათ, ავთენტურ კონტენტს. მედია არის ზედმეტად დამოკიდებული იმაზე, თუ რას იზამენ სხვა სუბიექტები საჯარო სივრცეში, როგორ პრესრელიზს გამოუგზავნიან სამინისტროები და რომელიღაც სსიპ-ები მედიას, რომ მერე ამაზე დაყრდნობით მოყვნენ ამბავი.

ეს საკითხი მხოლოდ “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” შემთხვევაში არ დგას მწვავედ. პოლიტიკური პარტიები, მთავრობა თუ სხვა სუბიექტები ახდენენ მედიის დღის წესრიგზე გავლენას.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ალბათ ისაა, რომ დიდი მედიები არიან პოლიტიკურად მოტივირებული, მაგრამ მეორე პრობლემა რესურსების პრობლემაა, რომელიც აქვს ქართულ მედიას და რომლის გამოც ხშირად არ აქვს საშუალება, დამოუკიდებელი კონტენტი აწარმოოს და ძირითადად თავი გააქვს პრესრელიზების ნიუსებად გადაკეთებით.

  • ამ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში ამომრჩეველს ალბათ უნდა ეგულებოდეს ერთი არხი მაინც, რომელიც ისე მკვეთრად პოლარიზებული არ იქნება. როგორც წესი, ასეთ არხად გვსურს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცეს. კიდევ ერთ წერილში, “საზმაუს დუმილის სპირალი”, ახსენებთ ტერმინს — “დუმილის სპირალი”, რაც აღნიშნავს ტენდენციას, ადამიანებმა შეინარჩუნონ დუმილი ისეთ სიტუაციებში, როდესაც გრძნობენ, რომ მათი შეხედულება უმრავლესობის პოზიციასთან წინააღმდეგობაში მოდის. მაშინ — შარშან, დაახლოებით იმ დროს, როდესაც მენეჯმენტის ცვლილებები მიეწყო ერთმანეთს და GDS-ის სტაფი გადავიდა მაუწყებელზე — წერდით, რომ საზმაუს ეტყობოდა, ამ მანკიერ პრაქტიკას მიჰყვებოდა. შეიცვალა თუ არა წელს რამე?

პირადად ჩემთვის ქართულ მედიაგარემოში მიმდინარე ამბებიდან ყველაზე ტრაგიკული არის ის, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირს. არ ვგულისხმობ იმას, რომ საზმაუ “რუსთავი 2”-ზე ან “იმედზე” ცუდია ან კარგია. ვგულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან აღებული საკმაოდ დიდ თანხა იხარჯება ისე, რომ არხის გაცოცხლება ვერ ხერხდება.

კარგი, დავუშვათ, ჩვენ, ვინც სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი მენეჯმენტის ცვლილებისას, ვცდებოდით, მაგრამ ახლა რომ შევხედოთ თუნდაც რეიტინგებს, თუნდაც იმ კონტენტს, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს. ცალსახაა, რომ ის სლაიდი, რომელიც მაღლაფერიძემ გვაჩვენა და გვპირდებოდა, რომ ძველი მატარებლიდან ჩქაროსნულ მატარებელზე უნდა გადაესხა თავისი თანამშრომლები და მერე უნდა აეყვავებინა ეს არხი, კიდევ დიდხანს დარჩება სლაიდად.

ფოტო საზმაუს მენეჯმენტის სამოქმედო გეგმიდან

ფაქტია, რომ ამ არხზე ვერ შექმნა ვერანაირი პროდუქტი, რომელიც ყურებადია, რომელზეც ხალხი ილაპარაკებს, განიხილავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი რჩება რიგით არხად, რომელიც არსებობს სადღაც, რომელიღაც ადგილზე ტელევიზიების ჩამონათვალში და კვლავაც არ ჰყავს მაყურებელი.

ფაქტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს, როგორც ტელეკომპანია, რომელიც ხელისუფლების “მოდარაჯე ძაღლი” (“უოჩდოგი”) უნდა იყოს, საერთოდ ვერ ასრულებს ამ ფუნქციას. არ ვამბობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ქმნის რაიმე ღირებულ კონტექნტს. რა თქმა უნდა, ქმნიან რაღაც ნაწილში, მაგრამ ეს იმდენად მცირეა მთელ კონტენტთან შედარებით, რომ საერთოდ აღარ ჩანს.

წინასაარჩევნოდ ერთადერთი დამსახურება ის არის, რომ დებატები ჰქონდათ, თუმცა დებატების ფორმატიც ცოტა უცნაური იყო, რომ კანდიდატებს უნდა შეერჩიათ ერთმანეთი და ზოგი სამჯერ ხვდებოდა ამ დებატში და ზოგი -ერთხელ. ფაქტია, რომ დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის დამსახურებაა, მაგრამ ამ დებატების გაკეთებაც უკეთ შეიძლებოდა.

შიდა მენეჯმენტში მიმდინარე ამბებმა, იქნება ეს ბორდის წევრების ქმედებები თუ თანამშრომლების ერთი ხელის მოსმით გათავისუფლება, ბევრი კითხვა წარმოშვა. რატომ გახდა საჭირო, GDS-იდან გადმოეყვანათ რამდენიმე ათეული ადამიანი და მერე ერთ წელიწადში რამდენიმე ათეული ადამიანი გაეშვათ არხიდან; რატომ არ შეიძლებოდა არხის შიგნით არსებული რესურსების რესტრუქტურიზაცია, შრომის ხელახალი გადანაწილება და ა.შ.

ჩემთვის ეს კითხვები, — თუნდაც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის მიერ კადრების წაშლა — რომელიც ისევ დგას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე, კითხვებად რჩება.

ლაშა ქავთარაძე. ფოტო: ანა მაზმიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.