ახალი ამბები

ლიფტი არ ჩამოვარდნილა, ავარიულად გაჩერდა – “კურაციო” კლინიკაში მომხდარ შემთხვევაზე

18 ოქტომბერი, 2018 • 4172
ლიფტი არ ჩამოვარდნილა, ავარიულად გაჩერდა – “კურაციო” კლინიკაში მომხდარ შემთხვევაზე

ფეისბუკზე მოქალაქის მიერ 17 ოქტომბერს გავრცელებული პოსტის მიხედვით, კლინიკა “კურაციოში” მგზავრების გადაყვანისას ლიფტი ჩამოწყდა.

პოსტის ავტორის თქმით, ახალაშენებული შენობის ლიფტი მე-6 სართულიდან მე-3-სა და მე-4 სართულებს შორის გაჭედილი აღმოჩნდა, რაც სულ რამდენიმე წამში მოხდა. თავად კლინიკა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ლიფტი არ ჩამოვარდნილა, არამედ ავარიულად გაჩერდა.

როგორც ირკვევა, შემთხვევის დროს ლიფტში ადამიანები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, იმყოფებოდნენ. თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, კლინიკამ მომხდარის შესახებ 112-ს არ შეატყობინა.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა. პოსტის ავტორის სიტყვებით, ლიფტში ინციდენტის დროს 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი და ერთი ასაკოვანი ქალი.

“ლიფტით სარგებლობის დროს ლიფტი ჩამოწყდა და მე-6 სართულზე ჩამსხდრები 1 წამში აღმოვჩნდით მე-4 და მე-3 სართულს შორის. საბედნიეროდ, მუხრუჭებმა დაიჭირა ლიფტი და გადავრჩით. დაახლოებით 20 წთ-ის შემდეგ კლინიკის რიგითი თანამშრომელი – არა ლიფტიორი, უშედეგოდ ცდილობდა ლიფტის კარის გაღებას და ჩვენს გამოყვანას”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ფეისბუკ პოსტში.

მისივე სიტყვებით, დოკუმენტაციის მიხედვით, შენობას არა სამედიცინო დაწესებულების, არამედ დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებლის სამშენებლო ნებართვა აქვს.

აღნიშნულს უარყოფენ კლინიკაში. როგორც ნეტგაზეთს “კურაციოს” ადმინისტრაციულმა დირექტორმა, გიორგი ჭოხონელიძემ უთხრა, ლიფტი არ ჩამოვარდნილა, არამედ, ავარიულად გაჩერდა.

“მინდა გულისტკივილი დავაფიქსირო მომხდართან დაკავშირებით. ნამდვილად მინდა დავადასტურო, რომ ლიფტი არ ჩამწყდარა, უბრალოდ, კარის გამღები მექანიზმი დაზიანდა და გამოიწვია ლიფტის ავარიული გაჩერება. ჩვენ იმთავითვე დავურეკეთ იმ ფირმას, რომელიც ლიფტთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებს. ისინი 15-20 წუთში მოვიდნენ. მანამდე ჩვენი ძალებით ვეცადეთ, რომ გამოგვეყვანა ადამიანები, მაგრამ რადგან ჩამკეტი მექანიზმი დაზიანდა, ჩვენ კარის გაღება გაგვიჭირდა”, – ამბობს გიორგი ჭოხონელიძე.

ამასთანავე, ჭოხონელიძე დასძენს, რომ ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც, კლინიკას შესაბამისი ნებართვა არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ის განმარტავს, კლინიკას შეთანხმებული აქვს “მრავალფუნქციური შენობის – დაბალი ინტენსიობის სახლისა და ამბულატორიის” ნებართვა

მისი თქმით, ზედა სართულებს ამბულატორიის სტატუსი აქვთ, ხოლო ქვედა სართულებს – საცხოვრებელი სახლის.

“რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დავრეკეთ 112-ში, მომხდარის შემდეგ ჩვენი გადავყწვიტეთ, რომ პირველად დაგვერეკა ლიფტიორისთვის. მასთან დაკავშირების შემდეგ მან გვითხრა, რომ უმოკლეს დროში მოვიდოდა. სწორედ ამიტომ, აღარ დავრეკეთ სხვაგან”, – დასძენს გიორგი ჭოხონელიძე.

მისივე სიტყვებით, როგორც აღმოჩნდა, ლიფტს, რომელიც 1 კვირის წინ ჩართეს, პრობლემა კარის ჩამკეტ მექანიზმში აღმოაჩნდა. ის ახლა გაჩერებულია. რაც შეეხება ლიფტის მგზავრებს, ჭოხონელიძე განმარტავს, რომ შენობა მაშინვე დატოვეს და, შესაბამისად, კლინის თანამშრომლებმა მათი ჯანმრთელობის შემოწმება ვერ მოახერხეს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყება. ჩვენ ასევე დავუკავშირდით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკურ დეპარტამენტს, სადაც გვითხრეს, რომ ექსპლუატაციაში მიღებამდე ლიფტმა შესაბამისი ტექნიკური შემოწმება გაიარა სამინისტროს მიერ აკრედიტებულ კერძო, აკდრედიტირებულ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი