ახალი ამბები

“საარჩევნო კამპანია კონცენტრირებულია დაპირისპირებებზე” – ეუთოს მისია

13 ოქტომბერი, 2018 • 1988
“საარჩევნო კამპანია კონცენტრირებულია დაპირისპირებებზე” – ეუთოს მისია

ეუთოს  დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. მონიტორინგის შედეგები, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, წინასაარჩევნო კამპანიისა და მედიაგარემოს შესახებ მისიის შეფასებასა და კრიტიკულ შენიშვნებს აერთიანებს.

სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ საოლქო და საუბნო კომისიათა სხდომები მედიისა და დამკვირვებელთათვის ღა იყო, კომისიის წევრთა გადასამზადებლად კი ცესკომ “მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო”. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილში, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებამ, რომელიც საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესს ეხება, მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშავა.

“[ცვლილებამდე] იმ შვიდ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ ბიუჯეტიდან, ჰქონდათ თითო-თითო კანდიდატის დასახელების უფლება[კომისიებში]. ახლა ამ უფლებით მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციების მქონე პარტიები სარგებლობენ და თითოეული პარტიიდან დასახელებულ კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ ხმათა რაოდენობა. ამ ცვლილებამ საგრძნობლად გაზარდა საარჩევნო ადმინისტრაციის კომისიების ყველა დონეზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რაოდენობა, ე.ი. სამი წევრი თითო კომისიაში”, – ნათქვამია ანგარიშში.

სადამკვირვებლო მისია ასევე ხაზს უსვამს, რომ ეუთოს რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში არ შესულა ცვლილება, რომლითაც საოლქო და საუბნო კომისიების არაპარტიული განმცხადებლებით დაკომპლექტების კრიტერიუმები განისაზღვრებოდა.

საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას სადამკვირვებლო მისია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფომ ადმნისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აკრძალვებთან დაკავშირებით ძალისხმევა გააძლიერა და ამ კუთხით ცესკოც მუშაობს. თუმცა, ანგარიშის ავტორები იმ ბუნდოვანებაზე საუბრობენ, რომელიც არჩევნების გამოცხადებიდან კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე პერიოდში შეიქმნა. მათი აზრით, ბუნდოვანია, როგორ რეგულირდებოდა ამ პერიოდში საარჩევნო აქტივობები.

რაც შეეხება კამპანიის შინაარსს, სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ პროცესი დაპირისპირებების ასპარეზი უფროა, ვიდრე პლატფორმა, საიდანაც კანდიდატები საკუთარ ხედვებზე ისაუბრებენ.

“16 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო კამპანია უფრო თვალსაჩინოა ეროვნული მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში, ვიდრე ღია სივრცეში, განსაკუთრებით დაბალია კამპანიის ხილვადობა რეგიონებში საარჩევნო კამპანია კონცენტრირებულია დაპირისპირებებზე და არა საპრეზიდენტო მანდატის ფარგლებში არსებულ შინარსობრივ საკითხებზე”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სადამკვირვებლო მისიამ ასევე შენიშნა “ნეგატიური კამპანიის მრავალი შემთხვევა”  და ყალბი ინფორმაციის გავრცელების მცდელობები, რომლებიც, ავტორთა თქმით, ყველაზე ხშირად, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მიემართება.

ავტორთა აზრით, არცთუ დიდია წინასაარჩევნო კამპანიაში ისეთი თემატიკის წილი, როგორიცაა ეროვნულ უმცირესობათა და გენდერული საკითხები.

ეუთოს მისია მკვეთრად პოლარიზებულად აფასებს ქართულ მედიას, რომელიც, ავტორთა აზრით, “პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს შორის დგას:

“დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრისას მოსაუბრეები ხაზს უსვამდნენ, რომ მედია გარემო მყიფე და არამდგრადია, განსაკუთრებით კი შემცირებულ სარეკლამო ბაზრის და „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საკითხზე მიმდინარე დავის ფონზე., აგრეთვე, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ გარშემო მიმდინარე გამოძიებისა და „ომეგა ჯგუფის“ საკუთრებიდან გადასახადების იძულებით ამოღების პოტენციური საფრთხის გამო , რამაც შესაძლოა ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობაზე მოახდინოს გავლენა”.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება. მოცემული ანგარიში 18 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი