უეფას გადაწყვეტილების გამოცხადება. ფოტო: EPA/MARTIAL TREZZINI

გერმანიამ თურქეთს სძლია – ქვეყანა ევრო 2024-ს უმასპინძლებს

ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება. დღეს, 27 სექტემბერს, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა თურქეთსა და გერმანიას შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა.

BBC-ის ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა გაერთიანებული გერმანიის ისტორიაში, როცა ქვეყანა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მანამდე, 1988 წელს, საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრი მაშინდელმა დასავლეთ გერმანიამ ჩაიბარა.

რაც შეეხება თურქეთს, ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა ჯერ არ ყოფილა. შესაბამისი, თუმცა უშედეგო მცდელობები ანკარას 2008, 2012 და 2016 წლებშიც ჰქონდა.

გადაწყვეტილების გამოცხადება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გერმანიაში ვიზიტს დაემთხვა. ის ბერლინში დღეს ჩავიდა და სამი დღის მანძილზე დარჩება.

მანამდე, კონკურსის მონაწილე  ორივე ქვეყანამ საბოლოო ანგარიში შვეიცარიაში წარადგინა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ორგანიზაციის წინაშე საკმაოდ ძლიერად წარდგა.

“პროცედურა გამჭვირვალე იყო, ხმის მიცემის პროცესი – დემოკრატიული. ყოველი დემოკრატიული გადაწყვეტილება სწორი გადაწყვეტილებაა, ამიტომაც ფანტასტიკურ ევრო 2024-ს ველი”, – აღნიშნა მან.

შესარჩევ კონკურსში მხოლოდ ანკარა და ბერლინი მონაწილეობდნენ. AP-ს ცნობით, უეფას ანგარიშში საუბარია თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარების გაუარესებაზე და აღნიშნულია, რომ “ადამიანის უფლებათა კუთხით ქმედითობის ნაკლებობა დამაფიქრებელია”. ამას გარდა, ხაზია გასმული თურქეთის ინფრასტრუქტურის – აეროპორტების, რკინიგზების, გზებისა და სტადიონების მოწესრიგების საჭიროებაზე.

ამ ფონზე უეფა აღნიშნავს, რომ გერმანიის სერვისები მაღალი ხარისხით ხასიათდება და ჰარმონიაშია პოლიტიკურ ასპექტებთან, სოციალურ პასუხისმგებლობასთან, მდგრადობასთან და ადამიანის უფლებებთან.

ევრო 2024 ივნისისა და ივლისის თვეში ჩატარდება, 32 დღის მანძილზე გასტანს და 51 თამაშს მოიცავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან