ახალი ამბები

ტერეზა მეი: ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ბრექსიტის ჩვენეულ გეგმას

21 სექტემბერი, 2018 • 2071
ტერეზა მეი: ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ბრექსიტის ჩვენეულ გეგმას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ევროკავშირი მეტი პატივისცემით უნდა მოეკიდოს გაერთიანებულ სამეფოს ბრექსიტის ირგვლივ გამართულ მოლაპარაკებებს.

21 სექტემბერს დაუნინგ სტრიტზე მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ ბრექსიტის თაობაზე მოლაპარაკებების ბრიტანეთისეული გეგმის უარყოფა “მიუღებელია” ალტერნატიული პროექტის შეთავაზების გარეშე .

წინა დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ზალცბურგში განაცხადა, რომ ბრიტანეთის გეგმა ვერ იმუშავებდა.

CNN-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ ბრექსიტის  პროექტი ბრიტანელ ხალხს “მატყუარებმა” შეაპარეს.

“მიუღებელია ასე უბრალოდ უარი თქვა მეორე მხარის შემოთავაზებაზე დეტალური ახსნა-განმარტებისა და სანაცვლო გეგმის შეთავაზების გარეშე”, Guardian-ის თანახმად, განაცხადა მეიმ.

პრემიერის თქმით, იგი პატივისცემით ეპყრობოდა მოლაპარაკების მეორე მხარეს და იმავეს ითხოვს ევროკავშირისაგან.

“ამგვარად, ახლა საჭიროა, ევროკავშირისგან მოვისმინოთ, რაში ხედავენ პრობლემას და რა არის მისი ალტერნატივა. სანამ ამის შესახებ არ ვიმსჯელებთ, წინ ვერ წავიწევთ”, -განაცხადა პრემიერმა.

დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარებულ რეფერენდუმში 51.8%-მა ეროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, სავარაუდოდ, 2019 წლის 29 მარტს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი