ქუთაისის კინოთეატრში ფილმი ქართული სეანსიდან ამოიღეს “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის”

ქუთაისის ერთადერთ კინოთეატრში, “კინო საქართველოში”, ფილმი “მონაზვნის წყევლა” ქართული ძირითადი სეანსიდან ამოიღეს, მიზეზად კი ადმინისტრაციამ “მორწმუნე ადამიანების რწმენისა და გრძნობების” შეურაცხყოფა დაასახელა. კინოთეატრმა გადაწყვეტილება თავდაპირველად ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაიშალა.

ფეისბუკგვერდიდან გამქრალ განცხადებაში ეწერა, რომ კინოთეატრი 27 სექტემბრიდან გეგმავდა აღნიშნული ფილმის ქართულად გახმოვანებას, მაგრამ, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, “მონაზვნის წყევლას” “კინო საქართველოში” ქართულად ვერ ნახავენ.

“ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფას აყენებს სარწმუნოებას, ჩვენ კი მორწმუნე ადამიანების რწმენასა და გრძნობებს პატივს ვცემთ, ამიტომ ფილმი წარმოდგენილი იქნება მცირე სეანსების ფორმატში და მხოლოდ რუსულად და ინგლისურად”, – წერდა კინოთეატრი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა კინოთეატრის ხელმძღვანელსა და კინოჩვენებებზე პასუხისმგებელ პირს, ქრისტინა ბერნარდს, რომელმაც დაადასტურა, რომ ფილმის ქართულად დუბლირებას კინოთეატრი მართლაც აღარ აპირებს და ჯერ მხოლოდ მცირე სეანსების ფორმატში აჩვენებენ, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივად, საერთოდ ამოიღებენ კინოჩვენებიდან.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ ფილმი, მათი აზრით,  შეურაცხმყოფელია ქართულად, ინგლისურ-რუსულად რატომ აჩვენებენ. ქრისტინა ბერნარდმა გვითხრა, რომ მათ ეს კონტრაქტით ევალებათ. მისივე განმარტებით, ხელშეკრულება ფილმის ოფიციალურ მომწოდებელთან და კინოთეატრთან თვეებით ადრე იდება. ამ დროს კინოთეატრს ფილმზე მხოლოდ მცირე ინფორმაცია აქვს. ბერნარდის თქმით, მათ ამ ეტაპზე შეიძლება იცოდნენ მხოლოდ აღწერა და ჟანრი. ოფიციალურმა მიმწოდებელმა “კინოთეატრ საქართველოს” ფილმი მიაწოდა რუსულ და ინგლისურ ენებზე, შესაბამისად, მათი გაუშვებლობით კინოთეატრი ხელშეკრულებას დაარღვევდა.

თუმცა ქართულად თარგმნა და პიარკამპანია მთლიანად კინოთეატრის საქმეა. კინოთეატრის ინფორმაციით, მათ აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ბოლომდე გასცნობოდნენ ფილმს, თუმცა მას შემდეგ, რაც ფილმი ნახეს, გადაწყვიტეს, რომ მიუხედავად იმისა, “მონაზვნის წყევლა” კათოლიკურ ეკლესიას ეხება, ის შეურაცხმყოფელია ქართველი მორწმუნე აუდიტორიისთვის.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ ხედავს ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებაში ცენზურას, ქრისტინა ბერნარდი გვპასუხობს, რომ კინოთეატრი კერძოა, შესაბამისად, ის გადაწყვეტილებას თავისივე აუდიტორიის მოთხოვნებიდან გამომდინარე იღებს.

“ჩვენ არ ვკავდებით ცენზურით, ეს არ არის ცენზურა. სწორედ ამიტომ, ეს ფილმი რუსულ და ინგლისურ სეანსებზე მაინც გავა. ჩვენ კერძო, კომერციული დაწესებულება ვართ და, შესაბამისად, ჩემი სამსახურიც სწორედ ის არის, რომ ბევრი ფილმიდან სწორედ ის ფილმები ამოვირჩიო, რომელიც გვინდა, რომ აუდიტორიამ ნახოს. გადაწყვეტილებას კი ვიღებთ ფილმის  ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო პოტენციალისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინების საფუძველზე. ჩვენ თვითონ ვირჩევთ რეპერტუარს. ჩვენ გვაქვს უფლება, ამოვირჩიოთ ის ფილმები, რომლებსაც შემდგომ სეანსში ჩავსვამთ”, – განმარტავს ქრისტინა ბერნარდი ნეტგაზეთთან საუბარში.

მან ასევე გვითხრა, რომ ფეისბუკპოსტის წაშლა, დიდი ალბათობით, ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

განახლება: კინოთეატრმა განცხადება ფეისბუკგვერდზე ხელახლა გამოაქვეყნა:

ფილმი “მონაზვნის წყევლა” ქორინ ჰარდის ფილმია და მისი სიუჟეტი “ანაბელისა” და “წყევლის” სამყაროში ვითარდება. თუმცა, მოქმედება უფრო ადრე, 1952 წლის რუმინეთში ხდება. ფილმის მთავარი გმირები ახალგაზრდა მონაზონი და გამომძიებელი არიან, რომლებიც ძველ რუმინულ ტაძარში თვითმკვლელობის საქმის გასახსნელად ჩავლენ, თუმცა მათ დემონურ ძალასთან მოუწევთ გამკლავება. ფილმი საშინელებათა ჟანრისაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან