ახალი ამბები

MAC: ლიბერალის რედაქტორზე თავდასხმის საქმეზე შსს-ს ზედაპირული დამოკიდებულება აქვს

18 სექტემბერი, 2018 • 1432
MAC: ლიბერალის რედაქტორზე თავდასხმის საქმეზე შსს-ს ზედაპირული დამოკიდებულება აქვს

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებას ავრცელებს ზურაბ ვარდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პოლიციის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არიან, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა – არავის აქვს ბრალი წარდგენილი და ზურაბ ვარდიაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

კოალიცია მიიჩნევს, რომ გამოძიებას საქმეზე ზედაპირული დამოკიდებულება აქვს:

“დღეს გამოძიების მთავარი ვერსიაა, რომ ზურაბ ვარდიაშვილი თავდამსხმელებს შეეშალათ სხვა პიროვნებაში და სინამდვილეში სულ სხვა პირთან აპირებდნენ ანგარიშსწორებას, რომელმაც შემთხვევამდე ერთი დღით ადრე იჩხუბა და აღნიშნა, რომ ზურაბ ვარდიაშვილი იყო.

თუმცა, შემთხვევიდან მეორე დღეს გამომძიებელი ,,ლიბერალის“ რედაქტორს დაჟინებით უმეორებდა, რომ სწორედ მან იჩხუბა და ამ მოტივით დაესხნენ თავს. პირველ რიგში, შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოძიების მხრიდან მსგავსი ზედაპირული დამოკიდებულების გამო და მოვუწოდებთ მას, მეტი ყურადღებით მოეკიდოს საქმეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აცხადებს, რომ აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა ,,ლიბერალის“ რედაქტორზე თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია:

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს შსს-ს, დროულად დაიკითხოს ყველა შესაძლო მოწმე, ზურაბ ვარდიაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ბრალი წარედგინოს ყველა იდენტიფიცირებულ პირს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი