ახალი ამბები

კათოლიკე ეკლესია უერთდება ილია მეორის “მამობრივ შეშფოთებას” მარიხუანასთან დაკავშირებით

17 სექტემბერი, 2018 • 1984
კათოლიკე ეკლესია უერთდება ილია მეორის “მამობრივ შეშფოთებას” მარიხუანასთან დაკავშირებით

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციამ დღეს, 17 სექტემბერს, განცხადება გაავცელა, სადაც სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ ილია მეორის პოზიციის მიმართ მარიხუანის კულტივირება-რეალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით.

“კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება იმ მამობრივ შეშფოთებასა და მღელვარებას, რაც თავის ქადაგებაში გამოხატა მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მარიხუანის კულტივაციის, რეალზაციისა და მოხმარების კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი ეკლესია, თავისი მოძღვრების ერთგული, მტკიცედ ადასტურებს პოზიციას, რაც პაპმა ფრანცისკემაც გაიმეორა სხვადასხვა გარემოებებში: მსურს განვაცხადო მთელი სიცხადით – არა ნარკოტიკების ნებისმიერ ტიპს! უბრალო და პირდაპირი არა! ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა, თუმცა ეკლესიამ არ უნდა განსაჯოს და მიატოვოს ისინი, ვინც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების უფრსკრულში აღმოჩნდნენ”, – ნათქვამია კათოლიკე ეკლესიის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, “უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი მსუბუქი ნარკოტიკი ვერ იქნება მსუბუქი, რადგან ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და აკარგვინებს მას თავისუფლებას. ამას პირველ რიგში მეცნიერები გვეუბნებიან.

თუმცა, განაგრძობს პაპი, იმისათვის, რომ ამგვარი მტკიცე “არა” განუცხადო ნარკოტიკს, საჭიროა უთხრა “ჰო” სიცოცხლეს, სიყვარულს, ოჯახს, აღზრდას, სპორტს, სამუშაო ადგილებს”.

“ყველა ეს “ჰო” მიუთითებს ნებისმიერ ხელისუფლებას იმ მიმართულებებს, რომლისკენაც უნდა მიმართონ მათ თავიანთი პრიორიტეტული ძალისხმევა, თუკი სურთ ნაყოფიერად და ხელშესახებად დაძლიონ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა.

იმის გამო, რომ ნარკოტიკების ჭირი კვებავს ბინძურ ბაზარს უსინდისო ხალხის ჯიბის გასქელებით, ჩვენი სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება ყველა მათ, ვინც ადამიანის სიკეთისა და ღირსების სადარაჯოზე დგას” – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი