ახალი ამბები

“ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას” — ილია მეორე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე

9 ნოემბერი, 2023 • 1116
“ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას” — ილია მეორე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ქართველ ხალხს ულოცავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. ამის შესახებ საპატრიარქომ განცხადება დღეს, 9 ნოემბერს გაავრცელა.

“გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია.

ამიტომაც, ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში.

ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას”, — ნათქვამია ილია მეორის განცხადებაში.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

ევროკომისიის რეკომენდაციაზე ნახეთ ვრცლად:

ევროკომისია: მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა დათქმებით

მასალების გადაბეჭდვის წესი