შვეიცარიის დროშა. ფოტო: EPA/SALVATORE DI NOLFI

შვეიცარია რუსეთს მოუწოდებს, მის ტერიტორიაზე ჯაშუშობა შეწყვიტოს

შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, ქვეყნის ტერიტორიაზე ჯაშუშური ქმედებები შეწყვიტოს. Reuters-ის ცნობით, განცხადება ორ შესაძლო ჯაშუშობას მოჰყვა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოავლინეს.

მანამდე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა უწყებამ რუსეთის ელჩი სამჯერ დაიბარა რამდენიმე შესაძლო ჯაშუშობაზე სასაუბროდ, რომელთა სამიზნე ქვეყანაში მოქმედი დაწესებულებები, მათ შორის ქიმიური იარაღის საცდელი ლაბორატორია იყო.

შვეიცარიული მედიის ცნობით, შვეიცარიის უსაფრთხოების სამსახური ბრიტანელ და ნიდერლანდელ კოლეგებთან ერთად სწორედ ლაბორატორიის შემთხვევას იძიებს.

წყაროებზე დაყრდნობით, ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთი  Tages-Anzeiger და ნიდერლანდური NRC Handelsblad იუწყებიან, რომ ეჭვმიტანილები ქალაქ ბერნთან მდებარე ლაბორატორიით იყვნენ დაინტერესებულნი, სადაც ბიოლოგიურ იარაღს, მათ შორის, “ნოვიჩოკს” ცდიან. ბრიტანული მხარის ცნობით, მოსკოვმა რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოსაწამლად სწორედ “ნოვიჩოკი” გამოიყენა.

შვეიცარიის მთავარი პროკურორის ოფისის ცნობით, გამოძიება ქვეყანაში მოქმედი ანტიდოპინგური სააგენტოს საიტზე განხორციელებულ კიბერშეტევაზეც მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები გასულ წელს დაიწყო.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, შვეიცარიაში მომუშავე 4 რუსი დიპლომატიდან 1 სპეცსამსახურებისთვის მუშაობს. რუსეთის საელჩომ აღნიშნულ ცნობას დაუსაბუთებელი უწოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან