ახალი ამბები

პოლონეთის საგარეოდან რუსეთის დიპლომატიური სკოლის ყველა კურსდამთავრებული გაათავისუფლეს

11 სექტემბერი, 2018 • 14431
პოლონეთის საგარეოდან რუსეთის დიპლომატიური სკოლის ყველა კურსდამთავრებული  გაათავისუფლეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლდა ყველა კადრი, რომელიც წარსულში საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, ან  რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული დიპლომატიური სკოლა აქვს დამთავრებული. ამის შესახებ მინისტრმა იასეკ ჩაპუტოვიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს თანამშრომელთა შემადგენლობა სრულად განახლდა და უწყებამ 2016 წლიდან დღემდე 435 ახალი კადრი მიიღო.

“სამინისტროს მენეჯმენტი 100%-ით განახლდა. კერძოდ, პრაქტიკულად აღარავინ არის ისეთი, ვინც კომუნისტურ საიდუმლო სამსახურებთან ასოცირდება, ან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული”, – აცხადებს ჩაპუტოვიჩი.

მინისტრის განცხადებით, ცვლილებები უწყებაში დეპარტამენტების უფროსებისა და უფროსების მოადგილეების 111 პოზიციას შეეხო. 101 ელჩიდან 86 კი უახლოეს მომავალში ჩანაცვლდება.

პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მინისტრმა განმარტა, რომ ცვლილებები სამინისტროს ქმედითუნარიანობის ეფექტურობისთვისაა საჭირო.

“ეს წარმოადგენს რეკომენდაციას საჯარო სამსახურებში და ნორმალური მოვლენაა ევროპულ ინსტიტუციებში,” – ციტირებს მაუწყებელი მინისტრის სიტყვებს.

Moscowtimes-ის ცნობით, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, რომელიც ჩაპუტოვიჩმა ახსენა, რუსეთის ერთ-ერთი ელიტური აკადემიური ინსტიტუციაა, სადაც განათლება კრემლის არაერთმა მაღალჩინოსანმა, ბიზნესმენმა და ჟურნალისტმა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი