ახალი ამბები

ავთანდილ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

7 სექტემბერი, 2018 • 3372
ავთანდილ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალების ინფორმაციით, ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

მოკრივე დამნაშავედ ივნისში ცნეს. ახლა მისი სასჯელის ოდენობა განისაზღვრა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდალ ხურციძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ დანაშაულში, მათ შორის გამოძალვაში წაყენებულ ბრალში. გადაწყვეტილება 19 ივნისს მიიღეს. ამის შესახებ RFERL წერს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

პროკურორთა თქმით, შულაიას დაჯგუფებაში არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. როგორც ისინი განმარტავენ, დაჯგუფება ძირითადად მოქმედებდა ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და ნევადაში.

რაც შეეხება თავად ხურციძეს, დეპარტამენტის მტკიცებით, საქმის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ვიდეოკამერებმა ორჯერ დააფიქსირეს, თუ როგორ ესხმოდა თავს დაზარალებულებს შულაიას სახელით.

ხურციძე დამნაშავედ ცნეს გამოძალვასა და თაღლითურ გარიგებაში.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი