ახალი ამბები

ავტოტრანსპორტით ხორბლის  იმპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სასამართლოში გაასაჩივრონ 

7 სექტემბერი, 2018 • 2108
ავტოტრანსპორტით ხორბლის  იმპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სასამართლოში გაასაჩივრონ 

ხორცის, კვერცხისა და კომბინირებული საკვების მწარმოებელმა კომპანიებმა ავტოტრანსპორტით ხორბლის  იმპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სასამართლოში გაასაჩივრონ.

ამის შესახებ საუბარია ხორცის, კვერცხის და კომბინირებული საკვების მწარმოებელი 17 კომპანიისა და ერთი ინდმეწარმის ერთობლივ წერილში, რომელსაც ისინი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენს ირაკლი ლექვინაძეს უგზავნიან.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 22 აგვისტოს N314 ბრძანებით
შეიზღუდა ხორბლის და ხორბლის ფქვილის იმპორტი ავტოტრანსპორტით. აღნიშნულ
ბრძანებას წინ უძღოდა 21 აგვისტოს N313 ბრძანება, რითიც შეზღუდული იყო ასევე სიმინდის
იმპორტი ავტოტრანსპორტით, თუმცა, შემდგომი ბრძანებით, სიმინდის იმპორტი ისევ
დაშვებულია.

“როგორც ფინანსთა მინისტრმა საჯარო გამოსვლებში აღნიშნა, შეზღუდვა უკავშირდება
რუსეთიდან ტურისტების ნაკადის ხელშეწყობას, თუმცა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იყო
მხოლოდ დროებითი შეზღუდვის დაწესება ტურისტული პიკის დროს. ტურიზმზე ვერაფერს
მოგახსენებთ, მაგრამ ეს აკრძალვა ნამდვილად უზღუდავს მეწარმეს ხორბლის
ტრანსპორტირებისათვის მოახდინოს საფასო პირობებიდან გამომდინარე კონკურენტული
ლოჯისტიკური გზის არჩევა, მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს პორტსა და რკინიგზას,
აძვირებს ბაზარზე ხორბლის ღირებულებას და ზიანი მოაქვს სოფლის მეურნეობის
კონკრეტული სექტორებისათვის”, – ნათქვამია წერილში.

გამომდინარე იქიდან, რომ ხორბალი წარმოადგენს ხორცპროდუქტების, ისევე როგორც
კვერცხის წარმოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, წერილზე ხელმომწერი კომპანიები აცხადებენ, რომ  ხორბლის იმპორტის შეწყვეტა რუსეთიდან, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მის თვითღირებულებას ერთ ტონაზე დაახლოებით 100-150 ლარით გააძვირებს, შესაბამისად, გაზრდის კვერცხისა და ყველა სახის ხორცის თვითღირებულებას.

მწარმოებლები ასევე შემაშფოთებლად მიიჩნევენ ფინანსთა სამინისტროს მიერ
გადაწყვეტილების მიღებას ყველანაირი კონსულტაციის გარეშე. მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის გაურკვეველ გარემოს.

წერილის ავტორები მოითხოვენ:

  1. გაუქმდეს ფინანსთა მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება ან მინიმუმ დაშვებულ
    იქნას საფურაჟე ხორბლის იმპორტი ავტოტრანსპორტით;
  2. მთავრობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიუდგეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს და არ მიიღოს კონსულტაციების და დისკუსიების გარეშე;

“ჩვენ ასევე ვიხილავთ ამ საკითხის სასამართლოში განხილვის შესაძლებლობასაც”, – ნათქვამია წერილში, რომლის ავტორები აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო სტრუქტურებში შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამენ.

წერილს ხელს აწერენ შემდეგი მწარმოებლები:

  • შპს “დილის პროდუქტები”;
  • შპს “პოულტრი ჯორჯია”;
  • შპს “კუმისიXXI”;
  • შპს “სავანეთი-99”;
  • შპს “ჩირინა”;
  • შპს “ნუტრიმაქსი”;
  • შპს “პატარძეული”;
  • შპს “საგარეჯო 2009”;
  • შპს “მესხეთის მეფრინველეობა”;
  • შპს “თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა”;
  • შპს “დს აგრო”;
  • შპს “როსტერ”;
  • შპს “აგროქიზიყი”;
  • ი/მ ზემფირა ოყროშიძე;
  • შპს “კეხიჯვარი”;
  • შპს “სართიჭალა777”;
  • შპს “გორი”;
  • შპს “ნაჭარმაგევი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი