ინდოეთში ჰომოსექსუალობა ლეგალური გახდა

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ლეგალური გახდა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსი.

ამ საეტაპო ვერდიქტით უარყო ზემო ინსტანციის სასამართლომ 2013 წლის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც კოლონიური ეპოქის დროინდელ კანონს ეყრდნობოდა. ეს კანონი, რომელსაც 377-ე სექციის სახელით იცნობენ, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსუალურ კავშირს “არაბუნებრივ დანაშაულად” მიიჩნევდა.

377-ე სექცია ერთ-ერთი უძველესი კანონია, რომელიც გეისექსს კრძალავდა. მის გაუქმებაზე ინდოეთი აქამდე უარს ამბობდა.

უზენაესმა სასამართლომ დედაქალაქ დელიში ვერდიქტი 6 სექტემბერს გამოაცხადა. სასამართლოს წინ შეკრებილი ქვიარ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ბოლო წლებში ისინი აქტიურ კამპანიას ეწეოდნენ 377-ე სექციის წინააღმდეგ, რომელიც 10-წლიანი პატიმრობით ემუქრებოდა ქვიარ ადამიანებს.

“სექსუალური აქტის კრიმინალიზება ირაციონალური, თვითნებური და აშკარად არაკონსტიტუციურია”, განაცხადა მოსამართლემ თავისი ვერდიქტის კითხვისას.

აქტივისტების თანახმად, ასეთი კანონის არსებობა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის მტკიცებულება იყო. იმის მიუხედავად, რომ ამ კანონით გასამართლება შესაძლოა იშვიათი ყოფილიყო, 377-ე სექცია ხშირად გამოიყენებოდა ქვიარების დასაშანტაჟებლად, მათ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზაციას უწყობდა ხელს და, ამავე დროს, ხელს უშლიდა აივ-ინფექციასთან და შიდსთან ბრძოლას.

აქტივისტები ზეიმობენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. 06.09/2018 ფოტო: EPA-EFE/JAGADEESH NV

მომზადებულია BBC-სა და Guardian-ის მასალებზე დაყრდნობით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.