ახალი ამბები

ფშავ-ხევსურეთი ინტერნეტს მიიღებს, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი, ელ.ენერგიას – მთავრობა

23 აგვისტო, 2018 • 2215
ფშავ-ხევსურეთი ინტერნეტს მიიღებს, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი, ელ.ენერგიას – მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია იგეგმება, ხოლო 100-ზე მეტი უშუქო სოფელი ელექტროენერგიას მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილებები მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც  22 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს , ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციისთვის თანხა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყოფა;

მათივე თქმით,საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით განიხილება მზის პანელებითა და, შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის უზრუნველყოფა. საუბარია 400-მდე ოჯახზე, რომელსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებოდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიღწევებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ მთის განვითარების პროექტს უჭირავს.

„რაც შეეხება იმ რესურსებისა და ენერგიის ინვესტიციას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, უნდა გვქონდეს განცდა და მოლოდინი, რომ მასზე უკუგება გავზარდოთ. პროდუქტიულობა და ეფექტურობა ერთმნიშვნელოვნად გასაზრდელია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინკლუზიური ზრდის სტრატეგიის ფარგლებში მთავრობას ექნება ახალი ინიციატივები, მათ შორის, საგადასახადო ნაწილში, თუმცა ამ კუთხითაც, ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილიდან წამოსულ ინიციატივებს. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მერვე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“-ის პროექტის ძირითადი კომპონენტები; სტრატეგიას, სამოქმედო გეგმასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიმუშავებს. სხდომაზე ასევე იმსჯელეს მაღალმთიან დასახლებებში 2018-2019 წლებში განსახორციელებელ პროგრამებზე, მათ შორის- ტყის განვითარებისა და ტყის ტურიზმის მიმართულებით.

კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს მიიღო. დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 1 730 დასახლება სარგებლობს, კანონით დადგენილი შეღავათებით კი, 330 ათასი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი