ახალი ამბები

კიბერბულინგის გამოვლენა განსაკუთრებულ პრობლემად რჩება – ომბუდსმენი

20 აგვისტო, 2018 • 2887
კიბერბულინგის გამოვლენა განსაკუთრებულ პრობლემად რჩება – ომბუდსმენი

“განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება”, – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი 16 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეს.

დღეს, 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი აცხადებს, რომ კვლავ პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები. ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის.ბავშვის უფლებების დარღვევას, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს.

საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ბავშვთა სუიციდისა და თვითმკვლელობების მცდელობის მაჩვენებელი 20%-ითაა გაზრდილი. შესწავლილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ სუიციდს მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა განაპირობებს.

განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ძალზედ დაბალია როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე და ხშირად კიბერბულინგი ძალადობად არ აღიქმება, მიიჩნევს სახალხო დამცველი.

მედიასაშუალებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა საკითხების, მათ შორის სუიციდის შემთხვევების, გაშუქება ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის გაშუქებისას ადგილი ჰქონდა ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენას, რაც უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ღონისძიებების მყისიერ გატარებას:

  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24-საათიან რეჟიმში;
  • საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უზრუნველყონ არასრულწლოვნების ინფორმირება ძალადობის ფორმების – ბულინგის, კიბერბულინგის, სექსუალური შევიწროების თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ;
  • სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას;
  • გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები; ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოჰყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ.
  • სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი