არჩევნების გამო საკრებულო დროებით წყვეტს თბილისის ქუჩების სახელების შეცვლას

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს, რომ არჩვენების მოახლოების გამო დროებით შეწყდება თბილისის ქუჩებისთვის სახელის გადარქმევა.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ქუჩების სახელის გადარქმევის პროცესის დროებით შეჩერებას ხსნის არჩევნების მიმდინარეობისას პირადობის მოწმობებისა და სიებში ქუჩების სახელების იდენტურობის შენარჩუნების მიზნით.

კომისია პასუხისმგებლობით უდგება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ვინაიდან აქტიურად  იწყება წინასაარჩევნო კამპანია, ხოლო არჩევნების ჩატარების მნიშვნელოვანი ფაქტორია მოქალაქეების პირადობის დამდგენ დოკუმენტებში და ამომრჩეველთა ერთიან სიებში არსებული მონაცემების იდენტურობა. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე არ განხორციელდეს არცერთი სახელდებული ობიექტისთვის სახელის გადარქმევა,  რათა ადმინისტრაციულ ორგანოებს და ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ გარკვეული ხასიათის პრობლემები ხმის მიცემის პროცესში. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მითითებული პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად განახორციელებს არსებული უსახელო ქუჩების სახელდებას,”- ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს განმარტებით, ბოლო პერიოდში მაინც განხორციელდა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით და საბჭოთა რეჟიმთან კავშირში მყოფი პირების სახელობის ერთეული ობიექტებისთვის სახელწოდების ცვლილება.

საპრეზიდენტო არჩევნების 2018 წლის 28 ოქტომბერსაა დანიშნული.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com