ბასიანის აქციაზე დაკავებულ ჯაფარიძეს სასამართლომ მხოლოდ შენიშვნა მისცა

დღეს, 8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასიანის მხარდამჭერ აქციაზე 12 მაისს დაკავებულ ზურა ჯაფარიძეს მხოლოდ სიტყვეირი შენიშვნა მისცა.

ბასიანის მხარდამჭერ აქციაზე ზურაბ ჯაფარიძის დაკავების საქმეზე გადაწყვეტილება ნინო ჭალიძემ მიიღო, რომელიც სწორედ ის მოსამართლეა, ვინც 3 მაისის ინციდენტზე ზურაბ ჯაფარიძე 2 000 ლარით დააჯარიმა, ხოლო ვახტან მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას 10-10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

  • რაში ადანაშაულებდნენ ზურაბ ჯაფარიძეს?

ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია “პირველს” ინტერვიუს აძლევდა. ჯაფარიძის თქმით, არც დაკავების დროს და არც განყოფილებაში მისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ.

პოლიციის წარმომადგენელის, ირაკლი დგებუაძის თქმით, ზურა ჯაფარიძე კონკრეტულად მის მიმართ იგინებოდა და შესაბამისად, მას შეურაცხყოფა მიაყენა.

საწინააღმდეგოს ამბობენ თავად ზურა ჯაფარიძე და დაცვის მიერ წარმოდგენილი მოწმეები. როგორც მოწმეები ყვებიან, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა “გაა*ვან, რა. ვინ არიან მართლა, ამათი დედაც ვატირე”, თუმცა, ეს პოლიტიკური განცხადება იყო და ეხებოდა არა რომელიმე კონკრეტულს ჯგუფსა თუ პირს, არამედ სისტემას.

რაც შეეხება დაკავების ოქმს, როგორც სასამართლო განხილვისას აღმოჩნდა, პირველი დაკავების ოქმის შემდეგ, რომელიც 12 მაისს დაიწერა, ივნისში კიდევ ერთი ოქმი შედგა, ოღონდ, ამ ოქმის შესახებ თავად ზურაბ ჯაფარიძემ არ იცოდა და ხელი მას არ მოუწერია.

ჯაფარიძის ინტერესებს საია-ს იურისტი ნონა ქურდოვანიძე იცავდა. ნეტგათთან საუბარში ის განმარტავდა, რომ მეორედ შედეგნილი ოქმი პროცედურული დარღვევა იყო და ამ ტექნიკური ხარვეზის გამო, სასამართლომ საქმის განხილა უნდა შეეწყვიტა.

მისივე თქმით, დაცვის მხარეს სასამართლომ დაავალა პირველი ოქმის დედანი წარედგინა, პოლიციამ კი ახალი ოქმი მოიტანა, რომელიც, მათი თქმით, იმიტომ შეადგინეს, რომ პირველი ოქმი დაზიანდა.

ის, რომ მეორე ოქმი ჯაფარიძეს არ უნახავს, არ უარყოფდა ბრალდების მხარე. როგორც ირაკლი დგებუაძემ მეორე პროცესზე განმარტა, მან საკუთარი ნომრიდან დაურეკა ჯაფარიძეს, თუმცა, გირჩის ლიდერმა ტელეფონი არ აიღო. რაც შეეხება მინაწერს, რომ ჯაფარიძე ახალ ოქმს, რომელიც მას არ უნახავს, ხელს არ აწერს, როგორც ირაკლი დგებუაძე განმარტავს, ჯაფარიძე 12 მაისს შედენილ ოქმს არ დაეთანხმა და ხელი არ მოეწერა, და რაკიღა ახალ ოქმს იგივე შინაარსი ჰქონდა, აქედან გაჩნდა აღნიშნული მინაწერიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.