შვილების თვალწინ ცოლზე არაერთგზის ძალადობაში ბრალდებულს 13 თვით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 8 აგვისტოს, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე პროკურაატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ოჯახში ძალადობისთვის პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ არაერთგზის იძალადა მეუღლეზე – ე.ჯ.-ზე. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 1 აპრილს, მოძალადე ქმარმა ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცოლს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 1 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით და არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.