ცოლის ცემაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცოლის ცემაში ბრალდებულს 2 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,  საიდანაც მსჯავრდებული 1 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეზე , არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ,ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა.

ბრალდებული შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულებით,აგრესიით ,აიძულებდა მას გარკვეული მოქმედების შეესრულებინა, შემდეგ კი დაზარალებულის მიმართ ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახეში დაარტყა, ყელში წაუჭირა ხელი, ძირს დააგდო და სცემა.

ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო და ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა. სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ,ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 16 მაისს ქ.ქობულეთში დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან