ახალი ამბებისამართალი

ნარკოტიკების გასაღების მცდელობისათვის ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

28 ივლისი, 2018 • 2132
ნარკოტიკების გასაღების მცდელობისათვის ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

დღეს, 28 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხუთ პირს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით შეძენა შენახვისა და გასაღების მცდელობისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ზემოაღნიშნული პირები სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელის, „VIPOLE“-ს მეშვეობით დაეკონტაქტნენ ერთ-ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელმაც თითოეულ მათგანს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ქ.თბილისში, მის მიერ მითითებული სამალავი ადგილებიდან აეღოთ ნარკოტიკული საშუალებები, დაეფასოებინათ და მოეთავსებინათ სხვადასხვა ადგილებზე განთავსებულ სამალავებში.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებს უნდა გადაეღოთ ფოტო მათ მიერ მოწყობილი სამალავებისთვის და ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით, ეს ფოტოები სოციალური ქსელის „ VIPOLE “–ს მეშვეობით უკან გადაეგზავნათ ზემოაღნიშნული მომხმარებელისთვის, რომელიც თავის მხრივ ამ ფოტოებს გადაუგზავნიდა ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებს.

გამოძიების ინფორმაციით:

  • აღნიშნული დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად ბრალდებულმა რ.ე.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავში განათავსა 2 ცალად დაფასოებული 1.0277 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.
  • ბრალდებულმა ზ.ლ.-მ სხვადასხვა დროს, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სამჯერ უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 3.21 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.
  • ბრალდებულმა ა.ლ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.6922 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.
  • ბრალდებულმა ქ.შ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.74 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.
  • ბრალდებულმა ა.გ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და შემდგომი გასაღებისათვის, ქ.თბილისში მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავებში განთავსების მიზნით უკანონოდ შეინახა 90 ცალ პაკეტში მოთავსებული 0.498715 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდებულებმა, მათ მიერ მოწყობილ სპეციალურ სამალავებს, სადაც გასაღების მიზნით განათავსეს ნარკოტიკული საშუალებები, გადაუღეს ფოტოები და გადაუგზავნეს სოციალურ ქსელის „VIPOLE“-ს ზემოთხსენებულ მომხმარებელს.

პროკურატურის განცხადებით, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ასევე დაკავებულია ყველა ბრალდებული პირი.

დაკავებულთაგან ოთხ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა), ხოლო ერთ პირს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას საქართველოს შინაგან სამინისტრო აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი