„ჯელატო ტრენტო“ – იტალიური სანაყინე ბათუმში

ნაყინი არამხოლოდ ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც საზაფხულო დღესასწაულია, მით უფრო თუ დიდი არჩევანი გაქვთ.

შავი მოცხარი, ბანანი, თეთრი ბალი, კარამელი, მენთოლი, სტრაჩატელა, ჟოლო, მანგო და ოცდახუთი სხვადასხვა არომატი – ამ ყველაფრის დაგემოვნება ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N12-ში მდებარე იტალიურ სანაყინე „ჯელატო ტრენტოშია“ [Gelato Trento] შესაძლებელი.

„ჯელატო ტრენტოში“ სულ ხალხმრავლობაა და აქ შემოსულებს უკან გაბრუნება უჭირთ: თეთრი ბლის ტკბილი ნაყინის შემდეგ შოკოლადისკენ გაგირბით თვალი, მერე ეგზოტიკური მანგოს და ბანანის მიქსი გაინტერესებთ როგორი გამოვა. მწვანე, სამმაგად გრილი მენთოლისა და ვარდისფერი ჟოლოს ნაყინზეც ძნელია უარის თქმა.

ამ ოჯახური, ფერადი სივრციდან ვერ გახვალთ მანამ, სანამ ზაფხულის თქვენს კუთვნილ, გრილ დღესასწაულს ნება-ნება არ დააგემოვნებთ.

ბათუმში იტალიური ნაყინის ექსკლუზიური რეცეპტი ქალაქ ტრენტოდან ჩამოიტანეს. იტალიაში თითქმის ყველა ოჯახს ნაყინის საკუთარი რეცეპტი აქვს, ხშირად იმართება ნაყინის ფესტივალებიც, სადაც ოჯახებს თავიანთი ნაყინი გამოაქვთ, შეხვდებით ყველაზე უცნაურ არომატებს: წიწაკის, პომიდვრისა და ბადრიჯნის ნაყინსაც კი.

ნანა მღებრიშვილი ნაყინის ტექნოლოგი, იგივე „მაესტრო ჯელატია“. ნაყინის საკუთარი რეცეპტი მას ერთ-ერთმა იტალიურმა ოჯახმა გადასცა. იტალიური, საოჯახო ნაყინის ტრადიციას ბათუმში ახლა ნანა და მისი ოჯახი აგრძელებს.

იტალიური ნაყინი ბათუმში

იტალიური ნაყინი ბათუმში

იტალიური ნაყინი ნაღების, კარაქის, რძისა და ხილისგან მზადდება. როგორც სანაყინეს მეპატრონე, ნანა მღებრიშვილი ამბობს, იდეალური ნაყინის საიდუმლო ნატურალური ინგრედიენტებია. „ჯელატო ტრენტოში“ დამზადებული ნაყინის ყველა ინგრედიენტი, გარდა ხილისა, იტალიიდან ჩამოაქვთ.

„მაესტრო ჯელატი“ გვეუბნება, რომ ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი ნაყინი შეეფერება, უბრალოდ მათ ამ შესაფერისი არომატის აღმოჩენაში უნდა დაეხმარო. სწორედ ამიტომ, იტალიურ სანაყინეში, სანამ არომატებისა და ფერადოვანი სიგრილისგან თავბრუ დაგეხვევათ, შეგიძლიათ უფასოდ დააგემოვნოთ პატარა ულუფებით ყველა გემო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ, რაზე შეაჩერებთ არჩევანს.

ბათუმში იტალიური სანაყინე დიდებს, პატარებს, მოხუცებსა თუ ახალგაზრდებს ყოველდღე ელის.

მისამართი: ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა, N12

ნაყინი შავი მოცხარით

სტრაჩატელა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი