სახალხო დამცველი ზვიად დევდარიანის ადვოკატს პასუხობს

სახალხო დამცველი ეხმაურება  ზვიად დევდარიანის ადვოკატის განცხადებას და ამბობს, რომ მასზე არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესწავლის პროცესში. 

დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ 9 ივლისს განაცხადა, რომ “სახალხო დამცველზე ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს წნეხი” და მოუწოდა ომბუდსმენს დასკვნის სრაფად გამოქვეყნებისკენ.

“სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და საქმეთა შესწავლის პროცესი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარიმართება. ამასთან, სახალხო დამცველი ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის პრინციპითა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან რაიმე ტიპის ზეგავლენას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კონკრეტული განცხადებების შესწავლის პროცესში, უზრუნველყოფს ორივე მხარის თანაბარ ჩართულობას და საქმისწარმოებას მხოლოდ მხარეების მიერ საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტისა და მტკიცებულების წარმოდგენის შემდეგ ასრულებს.

“რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მიმდინარე დავებს, სახალხო დამცველის აპარატი ხუთი ქალის განცხადებას სწავლობს. მათგან ერთი დაზუსტების პროცესშია, ხოლო 4 უკვე გაზიარებულია მოპასუხე მხარესთან.

აღნიშნული განცხადებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირადად გაესაუბრნენ მხარეებს, გამოკითხეს საქმესთან დაკავშირებული მესამე პირები და წერილობით გამოითხოვეს ინფორმაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი წერილობითი კომუნიკაციის გაცვლა მხარეთა შორის და ორივე მხარის მიერ საკუთარი პოზიციის საბოლოოდ დაფიქსირების და შესაბამისი სამართლებრივი კვლევის ჩატარების შემდეგ სახალხო დამცველი მიიღებს გადაწყვეტილებას სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი კიდევ სამ საჩივარს განიხილავს სხვადასხვა მოპასუხეების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი