ახალი ამბები

ქვემო ქართლის საიმიჯო კლიპი გუბერნიისგან მხოლოდ ქრისტიანული ძეგლებით

9 ივლისი, 2018 • 4830
ქვემო ქართლის საიმიჯო კლიპი გუბერნიისგან მხოლოდ ქრისტიანული ძეგლებით

ქვემო ქართლის გუბერნატორი ოფისის მიერ მომზადებულმა საიმიჯო კლიპმა სოციალურ ქსელეში მომხმარებლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ვიდეო ქვემო ქართლის რეკლამას ემსახურება, თუმცა მასში მხოლოდ ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩანს, მომხმარებლების ნაწილის აზრით კი, არ იქნებოდა ცუდი, მაგალითად, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის კადრების და ზოგადად კულტურული მრავალფეროვნების ჩვენება.

“ნოვრუზ ბაირამის ფოტოები არ გქონდათ, ხომ? ულამაზესი დღესასწაულის, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია საქართველოს მასშტაბით. თქვენ არ იამაყოთ, არა!”, – წერს ფეისბუკზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

“გუბერნიის ადმინისტრაციის მიერაა მომზადებული აღნიშნული ვიდეო იმ რესურსით, რაც ამ ეტაპზე გვქონდა. საიმიჯო რგოლები დამზადდება მომავალშიც, რომელიც უფრო მეტად მრავალფეროვანი იქნება”, – წერს გუბერნიის ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდი.

“კონკრეტულად თქვენც იცი, რა ვიგულისხმე და მიპასუხეთ, რომ მომავალში უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი საიმიჯო რგოლები. რატომ აპირებთ მომავალში?  გთხოვთ, რომ ახლა მოახდინოთ რეაგირება და გადაიღოთ, გააზიაროთ ისეთი საიმიჯო რგოლი, რომელშიც ასახული იქნება ქვემო ქართლში არსებული ყველა კულტურა. ეს არ არის ქვემო ქართლი, რადგან იმ კულტურას ვერ ვხედავ, რომლის მატარებელი ვარ მე”, – წერს მეორე მომხმარებელი.

“იმიტომ, რომ არსებული კადრები დრონით არის გადაღებული, ამ ეტაპზე კი ამ ფორმატით გადაღებული სხვა მასალა არ გვქონდა. როგორც ამბობთ, თქვენ გაქვთ შესაბამისი მასალა, მადლობას მოგახსენებთ, თუ მოგვაწვდით”, – წერს გუბერნიის ადმინისტრაცია.

დისკუსიას ეხმაურება სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი:

“მე ამ ამბავის არსში ჯერ შესაძლოა სრულად ვერ გავერკვიე, მაგრამ რასაც ვხედავ, გეტყვით: 1. თუ მნიშვნელოვანი და საიმიჯო კლიპია, მაშინ სასურველია, რომ რეგიონის ეთნიკური, რელიგიური დ რეგიონული (სვანები, აჭარლები, იმერლები, აფხაზეთიდან დევნილები და სხვა) მრავალფეროვნება იყოს ასახული. ბევრი საინტერესო რამ არის ქვემო ქართლში ამ მხრივ. 2. ჩემთვის სავსებით ახსნადია იმ თანამოქალაქეთა გულისწყრომა, რომლებიც თავისი კულტურით, ტრადიციებით და მოქალაქეობით ქვემო ქართლის რეგიონთან და სრულიად საქართველოსთან ახდენენ თვითიდენტიფიცირებას და ამ დროს საკუთარ თავს და კულტურას ვერ ხედავენ ამ რგოლში. ხომ არ ამბობენ, რომ რომელიმე მეზობლის საიმიჯო კლიპში, როგორც სხვა ქვეყნის ნაწილს, გვინდა ვჩანდეთო, ამბობენ, რომ ამავე კლიპში ქართულთან ერთად და მის ნაწილად ჩვენც ჩაგვრთეთო. ვფიქრობ, სწორი მოთხოვნაა და პრობლემა ამ ნაწილში გამოსწორებადია. იმედია, უახლოეს ხანებში უფრო სრულყოფილი საიმიჯო კლიპი იქნება გადაღებული”, – წერს ჩოფლიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი