მოქალაქემ დიღომში, კორპუსებთან ბავშვებს აუზი დაუდგა

თბილისში, დიდ დიღომში, ჯანიაშვილის N27-ში მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვებმა გაგრილება შეძლონ.

დიმიტრი ტატიშვილი

ფოტოები სოციალურ ქსელში ნათია ჩაჩავამ გაავრცელა, რომლის პოსტის ქვეშაც რამდენიმე კომენტარს სიკეთესა და სიმდიდრესთან დაკავშირებით თვითონ დიმიტრი ტატიშვილიც გამოეხმაურა:

“დეპუტატივით [თავის ქებას] არ დავიწყებ ახლა. სიკეთეში მოახმაროს ჩვენს შვილებს ღმერთმა. სიმდიდრე საერთოდ არაფერ შუაშია. მთავარია, გყავდეს კარგი მეგობრები, კარგი მეზობლები და გქონდეს სიკეთის კეთების სურვილი.”

mshoblebi.ge-სთან საუბარში დიმიტრი ტატიშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვები ძალიან უყვარს და მიზანი მხოლოდ მათი გახარება იყო:

“4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.