ზაზა სარალიძე შსს-სთან პროტესტს კვირის ბოლომდე წყვეტს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში პროტესტს წყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილება მან სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არა შინაგან საქმეთა მინისტრს, არამედ მის მოადგილესა და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით სარალიძის მამა სწორედ გიორგი გახარიას უნდა შეხვედროდა.

ზაზა სარალიძეს არ უსაუბრია მედიასთან შეხვედრის დეტალების შესახებ და აცხადებს, რომ არ სურს, გამოძიების პროცესს ხელი შეუშალოს. მისი თქმით, შსს-სგან მომავალი 1 კვირის მანძილზე კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და პროტესტს წყვეტს.

“შევთანხმდით, რომ კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. შესაბამისად, აქ აღარ გავჩერდები…

…კონკრეტულ დეტალებზე არ ვისაუბრებ, რათა ხელი არ შევუშალო ამ ნაბიჯებს”, – აღნიშნა მან.

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 2 ივლისის შუადღიდან იმყოფებოდა. დავით სარალიძის მამა აცხადებდა, რომ შსს-ს ეზოში დარჩებოდა მანამ, სანამ თავისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს არ დააკავებდნენ. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხორავაზე მომხდარ ჩხუბში მონაწილე მ.კ-ს დაკავება იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან