ახალი ამბები

რას ჰყვება ქალი, რომელსაც პროკურატურა ყოფილ ქმარზე ძალადობასა და ცრუ დასმენას ედავება

28 ივნისი, 2018 • 1913
რას ჰყვება ქალი, რომელსაც პროკურატურა ყოფილ ქმარზე ძალადობასა და ცრუ დასმენას ედავება

ქალს, რომელმაც პოლიციას მიმართა ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობისგან დასაცავად, პროკურატურამ პირიქით წაუყენა ბრალი. საგამოძიებო უწყება მას ცრუ დასმენას და ყოფილ ქმარზე ძალადობას ედავება.

ქალის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, რომელმაც საქმის შესახებ განცხადება გუშინ, 27 ივნისს გაავრცელა, რასაც პროკურატურამ საპასუხო განცხადებით უპასუხა.

პროკურატურის ვერსიის თანახმად, 2018 წლის 2 თებერვალს ქალი დედასთან ერთად ყოფილი ქმრის სახლთან მივიდა, რათა მცირეწლოვანი შვილი წამოეყვანა. პროკურატურა აცხადებს, რომ ბავშვს წასვლა არ უნდოდა და ტირილი დაიწყო, ყოფილ ცოლ-ქმარს კი საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც ქალმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ქმარს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, შემდეგ კი ფრჩხილებით მიაყენა დაზიანებები ნაკაწრების, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით.

“ქმარი შემდგომი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით სახლში შევიდა და კარები დაკეტა. მომხდარით განაწყენებულმა ქალმა ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით პოლიციაში დარეკა და  ცრუ დასმენა განახორციელა, თითქოს მას ყოფილმა მეუღლემ სცემა. მან ასევე ადგილზე მისულ პოლიციის მუშაკებს ქმარზე მიუთითა, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, რა დროსაც ქმარი დგილზე დააკავეს”, – აცხადებს პროკურატურა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ქალსაც, რომელსაც პროკურატურა ქმარზე ძალადობასა და ცრუ დასმენაში ადანაშაულებს. ის გვიყვება, რომ მართლაც დედასთან ერთად მივიდა ყოფილი ქმრის საცხოვრებელ სახლთან, დაურეკა და უთხრა, ბავშვი ჩამოეყვანა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ბავშვს არ სურდა სახლის დატოვება. ამის გამო იძულებული იყო სახლში ასულიყო:

“როცა ავედი, ბავშვი შორიდან დამანახეს, ხელი მკრა და მითხრა, ბავშვი ტირის და არ გაგატანო. მას შემდეგ, რაც კარი მიიხურა, ხელახლა დავრეკე ზარი, დედაჩემიც ამოვიდა. მოვთხოვე, რომ ბავშვი გამოეყვანა, დამაჭერინე ჩემი შვილი და მე დავაწყნარებ-მეთქი. ბებიამისმა გამოიყვანა ბავშვი ხელმეორედ, როცა გადავიწიე ბავშის გამოსართმევად, ბებიამისმა ხელი არ გაუშვა, მამამისიც სწვდა ბავშვს, გამომტაცა ხელიდან და გამოიქნია წიხლი, რომელიც მე უნდა მომხვედროდა, მაგრამ დედაჩემმა გამწია და მოხვდა დედაჩემს მუცელში. დედაჩემი ჩაიკეცა და ყოფილი ქმარი გადმოვიდა ხელებით რტყმაზე. გამოვიძახეთ პატრული” – ამბობს ქალი ნეტგაზეთთან საუბრისას.

პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით ქმრის ბრალეულობა არ დადასტურდა და იგი პროკურატურის დადგენილებით გათავისუფლდა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, მის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა  შეწყდა.

ქალიც ამბობს, რომ შემთხვევას მისი ყოფილი ქმარი იღებდა, იგი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა 3 წლის განმავლობაში, რაც წყვილი დაშორებულია:

“საინტერესოა ის, რომ ეს ვიდეო დაჭრილია და ზუსტად ის მომენტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარტყმის მომენტი – მე ვურტამ, თუ ის მირტყამ, არ ჩანს. არის ჩოჩქოლი, ალიაქოთი, მაგრამ ეს მომენტი, დარტყმის არ ჩანს. რეალურად ყველამ გადასარევად იცის, რომ ვიდეო დაჭრილია”.

პატრულის გამოძახების შემდეგ პოლიციამ სწორედ ქმარი დააკავა, შემაკავებლ ორდერთან დაკავშირებით იმსჯელა როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ და ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლად ცნო.  ქალის თქმით, საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლის მიხედვითაც მის დედას აქვს სიხლნაჟღენთი, მაგრამ წერია, რომ ის ხელითაა მიყენებული. თუმცა ქალი და მისი დედა ამბობენ, რომ დაზიანება ფეხით არის მიყენებული.

“მისი [ქმრის] ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ აქვს ნაკაწრები და ტერფთან სილურჯე, რომელსაც ჩვენ ვერ მივაყენებდით, თუმცა ამბობს, რომ ჩვენ მივაყენეთ. დედაჩემს სახეზე ეტყობოდა 5 თითი, რომელიც შეიძლება მერე არ დალურჯდა, მაგრამ პატრულმა, რომ შეხედა, მომენტალურად გამოიძახა სასწრაფო”.

ქალი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმის შემობრუნება ყოფილ ქმარს სჭირდება მეურვეობის სასამართლო დავის გამო, რადგან სასამართლო პროცესი, სადაც ბავშვების საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს, სწორედ ახლა მიმდინარეობს. ქალი ასევე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ყოფილი ქმარი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა და ახლო კავშირები აქვს პროკურატურასთან.

პროკურატურის ცნობით, ქალს წარედგინა ბრალდება 373-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის შესახებ ქმრის ცრუ დასმენა) და 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით). პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი