სანდრო ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

სანდრო ბარამიძემ, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, თანამდებობა დატოვა.  

“გადავწყვიტე დავუბრუნდე ჩემს უწინდელ – თავისუფალ პროფესიას”, – უთხრა სანდრო ბარამიძემ “ნეტგაზეთს”. ის ამ თემაზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ახლა მიხეილ სარჯველაძეა, რომელიც მანამდე ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.  

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” მხოლოდ ის უთხრეს, რომ “მთავრობის დამტკიცების შემდეგ ის [ალექსანდრე ბარამიძე] მინისტრთან შეთანხმებით აღარ დაინიშნა მოადგილედ”.

იუსტიციის სამინისტრო ამ გადაწყვეტილების მიზეზს არ განმარტავს და ამ თემაზე სხვა კომენტარს არ აკეთებს.

საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას მხარი 20 ივნისს დაუჭირა. მათ შორის იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის კანდიდატურას. შესაბამისად, ამ დროიდან აღარაა მინისტრის მოადგილე ბარამიძე.

სანდრო [ალექსანდრე] ბარამიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2012 წელს დაინიშნა, 2013 წლიდან კი ის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ბარამიძე ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი იყო. 2004-2011 წლებში იგი მუშაობდა ადვოკატად კს “ანდრონიკაშვილი და პარტნიორებში”.  ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატიც იყო 2012 წელს , მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი