ელიზაბეთ რუდი მთავრობის გადადგომაზე: მთავარია რეფორმების გაგრძელება

ბათუმში, სადაც იმართება კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა”, იმყოფება საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რომელმაც საქართველოს სამთავრობო ცვლილებებზე ნეტგაზეთთან ისაუბრა.

“ამ კონფერენციის სახელწოდებაა ”საქართველოს ევროპული გზა” და ამერიკის შეერთებული შტატები აქ არის, რადგან ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კურსი არის უცვლელი და ბევრს ვაკეთებთ პარტნიორობის ფარგლებში, რათა გვერდით დავუდგეთ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე”, – თქვა ელიზაბეთ რუდმა.

ნეტგაზეთის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია სამთავრობო ცვლილებები, UNICEF-ის კვლევის შედეგებმა, თუ ბოლო პერიოდში გამართულმა აქციებმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა:

“ამერიკა – საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის და მისი მთავრობის მმართველობის დროს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პრემიერ კვირიკაშვილთან თანამშრომლობის დროს გაწეულ დიდ საქმეს. ახლა ველით ახალი მთავრობის ფორმირებას. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახალი მთავრობა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი პოლოტიკის მიმდევარი იქნება და მოუთმენლად ველით ახალ ხელმძღვანელობასთან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას. არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი, თუ რატომ მიიღო პრემიერ მინისტრმა კვირიკაშვილმა ეს გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მის არჩევანს და იმ ფაქტს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებებში სამთავრობო ცვლილებები დროდადრო ხდება. მნიშვნელოვანია, რომ იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს რეფორმების გატარება, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რათა გაიზარდოს ეკონომიკა, და ჩვენ ველით ახალ მთავრობასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას.”

გადადგომის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისს განაცხადა. პრემიერის გადადგომასთან ერთად, კანონმდებლობით, გადამდგარად მიიჩნევა მთავრობაც. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია, ახალ მთავრობას კი ქართული ოცნება უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი