კარავი კი არა, ფეხების ქვეშიდან მიწაც რომ წაიღონ, გეგმები არ შეიცვლება – მაჩალიკაშვილი

“კარავი კი არა, ფეხების ქვეშიდან მიწაც რომ წაიღონ, გეგემები არ შეიცვლება”, – ასე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვების დაშლის ფაქტს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ძალოვნები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია დაშალონ.

“[ყველაფერი კეთდება, რომ ] მე და ჩემნაირ გამწარებული ხალხი გააჩერონ, სიტყვის თქმის საშუალება არ მისცენ, რათა თავიანთი მოღვაწეობა არადამიანური საქციელებით გააგრძელონ”, – აცხადებს მაჩალიკაშვილი და დასძენს, რომ აქციები გაგრძელდება მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 16:00–ზე პოლიციამ #ნუმომკლავ აქციის მონაწილეების კარვების დაშლა დაიწყეს. პოლიციამ კარვებში არსებული ინვენტარიც წაიღო.

1 დეკემბერს დაღუპული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კარავი 30 მაისს გაშალეს პარლამენტის წინ. ისინი დავით სარალიძის მკვლელის დაკავებას ითხოვდნენ.

გუშინ, 10 ივნისს, აქციის მონაწილეებმა კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს. დღეს დილით კი კარვები ტროტუარზე გადმოიტანეს.

შეგახსენებთ, რომ კარვების დაშლამდე პოლიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია დააკავა. დღეს, 18:00 საათზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერების აქციაა დაგეგმილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com