ფოტო: BBC/Church of Scotland

“გვპირდებით, რომ გიორგი დეპორტს გადაურჩება?” – დეპუტატის კითხვა ტერეზა მეის ქართველ ბიჭზე

“გიორგი 10 წლის არის. ის თებერვალში ტრაგიკულად დაობლდა. ის სამი წლის ასაკიდან გლაზგოში ცხოვრობს. მისი ერთადერთი სასაუბრო ენა ინგლისურია და საუბრობს ისეთივე აქცენტით, როგორითაც მე.

ახლა მას საქართელოში დეპორტაცია ემუქრება, დედის მშობლიურ ქვეყანაში და ხდება კიდევ ერთი სტატისტიკა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მკაცრი პოლიტიკით იქნება გამოწვეული. დაგვპირდება პრემიერ-მინისტრი, რომ ის ნებისმიერ ვითარებაში, არ მოწყვეტს მას[გიორგის] თავის სკოლის მეგობრებს და არ გაგზავნის ქვეყანაში, რომელიც მისთვის სრულიად უცხოა?” – შეკითხვა ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა პაულ სვინიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის დაუსვა.

“ლეიბორისტული პარტიის” დეპუტატი გლაზგოდან, დაინტერესდა, რას მოიქმოქმედებს ტერეზა მეი 10 წლის ქართველი ბიჭის დასაცავად, რომელსაც დაობლების შემდეგ საქართველოში დეპორტაცია ემუქრება. ტერეზა მეიმ კითხვას ასე უპასუხა:

“ბატონი[პაულ სვინი] ძალიან სპეციფიკურ და ინდივიდუალურ საქმეს შეეხო. საჭიროა, რომ საკითხი სწორად იყოს განხილული და ეს არის ის, რასაც საიმიგრაციო სამსახურს დავავალებ”.

10 წლის გიორგი კაკავა შოტლანდიაში დედასთან ერთად საცხოვრებლად 7 წლის წინ გადავიდა. მანამდე ის საქართველოში, ქუთაისში ცხოვრობდა. BBC-ის ცნობით, ქვეყნის დატოვება დედა-შვილს მას შემდეგ მოუწიათ, რაც გიორგის მამა საქართველოში ქართველმა კრიმინალებმა მოკლეს და საფრთხე მათაც შეექმნათ. ბავშვს მიმდინარე წლის თებერვალში დედაც გარდაეცვალა და ამჟამად ბებიასთან, ქეთევან ბაიხაძესთან ერთად ქალაქ გლაზგოში ცხოვრობს.

გიორგის დედა თავშესაფრის მისაღებად პროცედურებს გადიოდა, როდესაც გარდაიცვალა. ქალმა პროცესის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრო. ახლა კი, იმ შემთხვევაში, თუ გიორგის ბებია და თავად ბავშვი თავშესაფრის მისაღებად პროცედურებს წარმატებით ვერ გაივლიან, ორივე მათგანს დეპორტაცია ემუქრება.

იმის გამო, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი გლაზგოში გაატარა, გიორგი სამშობლოდ შოტლანდიას მიიჩნევს. მისი თქმით, სხვაგან წასვლა არ სურს.

“ცხოვრება შოტლანდიაში უკეთესია, ვიდრე საქართველოში. არ მინდა უკან დაბრუნება. აქ მინდა დარჩენა. შოტლანდიაში ბედნიერი ვარ”, – უთხრა მან BBC-ის.

“მან აქ კარგად გაატარა წარსული და მომავალიც კარგი აქვს. გვინდა, აქ დარჩეს”, – ამბობს გიორგის ბებია.

გიორგისა და მისი ბებიის ამბავი, თავდაპირველად, ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმა, რევ ბრაიან ქოსიმ გაახმაურა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სასულიერო პირი ბიჭის შესახებ ჰყვება და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

“ისინი[გიორგი და დედამისი] შოტლანდიაში უსაფრთხოების საძიებლად და იმ გარანტიების მისაღებად ჩამოვიდნენ, რომლებიც ძალადობისგან დაიცავდა მათ. ის ძალიან ჭკვიანი ნდა მხიარული ბიჭია, რომელმაც საქართველოს შესახებ არაფერი იცის და არაფერი ახსოვს. მამამისი მოკლეს, დედამისი კი მოულოდნელად გარდაიცვალა. ვინაიდან ის თავშესაფრის მიღების პროცესში იყო, მას დეპორტაცია ემუქრება. ჩვენ მისი აქ დატოვებისთვის ვიბრძვით”, – აღნიშნავს ის.

გიორგის მხარდასაჭერად ინტერნეტ პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში ათობით ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ამჟამად ხელმომწერთა რაოდენობა 65 000-ს აჭარბებს. პეტიციის ავტორები მხარდაჭერას ითხოვენ, რათა ბიჭმა შოტლანდიაში ცხოვრების გაგრძელება შეძლოს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან