ახალი ამბები

ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია

24 ივლისი, 2019 • 1697
ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია

დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის დატოვების კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ჯონსონი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ცერემონია დღეს, 24 ივლისს იმართება.

ცოტა ხნის წინ ის დაუნინგ-სთრითზე მივიდა, საიდანაც პირველად მიმართა მოსახლეობას პრემიერის რანგში. მან კიდევ ერთხელ ახსენა ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომლის თანახმადაც ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს მიზეზგარეშე დატოვებს.

“ვაპირებთ, აღვასრულოთ პარლამენტის მიერ ხალხისთვის მიცემული დაპირებები და გავიდეთ ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს, არანაირი “თუ” ან “მაგრამ” , – აღნიშნა ჯონსონმა და მოსახლეობას ბრექსიტთან დაკავშირებით “ახალ, უკეთეს შეთანხმებას” შეჰპირდა.

ჯონსონამდე, დაუნინგ-სთრითიდან გამოსამშვიდობებელი მიმართვა ქვეყნის უკვე ყოფილმა პრემიერმა, ტერეზა მეიმ გაახმიანა და ოფიციალურად დატოვა 3 წლის წინ დაკავებული თანამდებობა.

 

“ვტოვებ დაუნინგ-სთრითს, თუმცა ამაყი ვარ, გავაგრძელო საქმიანობა, როგორც პარლამენტის წევრმა. მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა ვემსახურო ეროვნულ ინტერესს და შევიტანო ჩემი წვლილი ჩვენი გაერთიანებული სამეფოს – დიდებული ქვეყნისა, დიდებული მომავლით – გადაქცევაში ქვეყნად, რომელიც ყველასთვის იმუშავებს”, – ასეთი იყო მისი ბოლო სიტყვები პრემიერ-მინისტრის რანგში.

მეის გადადგომის შემდეგ ბორის ჯონსონი დედოფალთან შესახვედრად ბუკინგემის სასახლისკენ გაემართა. გზად მას ეკოაქტივისტები დახვდნენ, რომელთაც პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვით გზა გადაკეტეს. პოლიციამ ისინი რამდენიმე წამში გაიყვანა გზის სავალი ნაწილიდან.

საბოლოოდ, ჯონსონმა სასახლემდე მიაღწია და დედოფალსაც შეხვდა, რის შემდეგაც პოსტი ოფიციალურად დაიკავა.

სანამ თანამდებობას დაიკავებდა, 23 ივლისს, ჯონსონმა კონსერვატული პარტიის ლიდერობისთვის გამართული კენჭისყრა მოიგო. მისი ოპონენტი ჯერემი ჰანტი იყო.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ტერეზა მეიმ, პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ მაისში განაცხადა.  ემოციურ გამოსვლაში მეიმ აღნიშნა, რომ გააკეთა “ყველაფერი, რაც შეეძლო”, რათა პატივი ეცა 2016 წლის რეფერენდუმის შედეგებისთვის, რომლის მიხედვითაც, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს. მანვე გამოთქვა გულისტკივილი, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ბრექსიტის განხორციელება ვერ შეძლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი