რატომ არ არის სასაცილო გერმანელების მიერ ბუღის სპერმის ჩუქების ამბავი

თელავის მუნიციპალიტეტს გერმანიიდან საჩუქრად გამოუგზავნეს ბუღის სპერმა 400-მდე ძროხის ხელოვნურად განაყოფიერებისთვის. “ნეტგაზეთი” ამ საკითხზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელს, მიშა სოხაძეს დაუკავშირდა, რომელმაც პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სოხაძის თქმით, ისტორიულად, ქართველები ყოველთვის ცდილობდნენ და ჰყავდათ ის საქონელი, რომელიც შეესაბამებოდა იმ პირობებს, სადაც ცხოვრობდნენ და მის გაუმჯობესებას ცდილობდნენ. კერძოდ, მიზანმიმართულად ავითარებდნენ მერძევე, მეხორცულ ან კომბინირებულ მიმართულებებს. თუმცა ბოლო წლებში მგდომარეობა შეიცვალა, რამაც დარგი მნიშვნელოვანი გმაოწვევების წინაშე დააყენა:

“ბოლო წლების გნამავლობაში ეს აბსოლუტურად სპონტანური გახდა. მთვარი იყო, მისი საქონელი დამაკებულიყო და ის, რომელ დაავადებას ატარებდა და რა შთამომავლობას მისცემდა, ეს ნაკლებად აინტერესებდა იმიტომ, რომ ფერმერებში ეს ცოდნა, რაც მამა-პაპათაგან მოსდევდათ, დაკარგული იყო.  ერთი ბუღა მწარმოებელი რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებები ერთი სოფლიდან მეორეში გადაჰქონდა და ვრცელდებოდა. ძალიან მძიმე სიტუაცია შექმნა ამან, რადგან აღარ უწევდნენ ამას კონტროლს, ხდებოდა ე.წ. ჯვარედინი შეჯვარებაც, როდესაც ერთი და იგივე ბუღა მწარმოებელი საკუთარ შთამომავლობასაც ამრავლებდა”, – ამბობს  გაეროს სურსათის  და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სოხაძის თქმით, ამის შედეგად, საქართველოში არსებული საქონლის ჯიშების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზაა პერიოდულად საქონლის ხელოვნურად განაყოფიერება:

“ამან გამოიწვია ძალიან მძიმე მდგომაროება, როგორც ჯიშების დეგრადაციის, ისე დაავადებების გავრცელების მიმართულებით. უამრავი პრობლემა შეიქმნა. შესაბამისად, ხელოვნური განაყოფიერება ეს არის, პრინციპში, ერთადერთი გზა, რომელიც უცებ რევოლუციურ ცვლილებას ვერ მოახდენს, მაგრამ თაობებს გააუმჯობესებს მესაქონლეობაში ევოლუციური გზით. რაც მესაქონლეობას უფრო ჯანმრთელ,  უვნებელ და ფერმერისთვის უფრო შემოსავლიან საქმიანობას გახდის”, – ამბობს  გაეროს სურსათის  და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.