ბრუნდებიან თუ არა კუბლაშვილი და ჩემია სასამართლო სისტემაში

იუსტიიცის უმაღლეს საბჭოს წარედგინა მოსამართლეთა კანდიდატების სარეზერვო სია, რომელშიც სხვებთან ერთად შედიან უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემია, რამაც საბჭოს წევრის, ნაზის ჯანეზაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. რას ნიშნავს სარეზერვო სია?

იუსტიციის საბჭოს სარეზერვო სია წარუდგინა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ირმა გელაშვილმა. “ნეტგაზეთთან”  საუბრისას გელაშვილი აბობს, რომ ეს არის ერთგავარი “რეესტრი”, სადაც თავმოყრილი არიან ის ადამიანები, ვისაც იუსტიციის სკოლა აქვს დამთავრებული და ვინც წარსულში სასამართლო სისტემაში მუშაობდა. მისი თქმით, აღნიშნულ სიაში 150 ადამიანია თავმოყრილი, მათ შორის- კოტე კუბლაშვილიც, გიორგი ჩემიაც და “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.

“ამ სიით შეუძლებელია, რომ საბჭომ ვინმე დააბრუნოს [სასამართლო სისტემაში] და უპირატესობა მიანიჭოს. ეს არის დაახლოებით იგივე, სკოლამ რომ სკოლადამთავრებულების გვარები და ოდენობა აღრიცხოს. ეს არის სტატისტიკა: არანაირი შეფასება, კეთილსინდისიერება, კომპეტენცია [არ ხდება სიაში მოსახვედრად]. ფიზიკურად შეუძლებელია ეს პირები შევაფასოთ, მით უმეტეს, მე რომ შევაფასო, ამის უფლება არ მაქვს”,- ამბობს გელაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

იმის საილუსტრაციოდ, რომ სიაში წარმოდგენილ პირების მიმართ პოზიტიურად არაა განწყობილი, გელაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა კონკურსზე განაცხადი შეტანილი აქვს სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემიას და მას არ დაუჭერია მისთვის მხარი.

სარეზერვო სიის შექმნა სასამართლო სისტემის სტრატეგიით გაიწერა. სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ 2017-18 წლებში მოსამართლეთა კანდიდატობის სარეზერვო სია უნდა შეიქმნას. სტრატეგიაში გაწერილი არ არის კრიტერიუმები, რომლითაც სიის შექმნისას უნდა იხელმძღვანელონ და არც ამ კრიტერიუმების შემუშავების ვალდებულებაა აღებული, თუმცა საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მიდგომა, რომელიც სიის შემქმნელებმა გამოიყენეს, პრობლემურია.

ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ სტრატეგია ზოგადი დოკუმენტია და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს აქვს დისკრეცია და ვალდებულება, რომ  სიღრმეებში შევიდეს და მხოლოდ ფორმალურად არ შეასრულოს სტრატეგიით განსაზღვრული საკითხები.

“როდესაც ყოფილ მოსამართლეებს ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებს დაურეკავ და ჰკითხავ, აქვს თუ არა სურვილი აღმოჩნდეს სიაში, ამ შემთხვევაში შენ იმ ადამიანს უჩენ იმედს, რომ ის შეიძლება იყოს პრიორიტეტული კანდიდატი, როდესაც მოსამართლეების კონკურსი გამოცხადდება”, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, თუკი ეს მონაცემები ვებგვერდზე გამოქვეყნდება, მოქალაქეები, რომლებიც წარსულში კონკრეტული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან შექმნილი სისტემის შედეგად დაზარალდნენ, ნახავენ, რომ ის ადამიანები სარეზერვო სიაში ისევ ირიცხებიან.

როგორც ჯანეზაშვილი განმარტავს, სტრატეგიის განხორციელებისთვის ოთხი სამუშაო ჯგუფია შექმნილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მათ შორის ერთ-ერთ ჯგუფს, რომლის წევრები არიან ირმა გელაშვილი და ირაკლი შენგელია, უნდა შეემუშავებინა სარეზერვო სია. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მათ ასევე უნდა შეემუშავებინათ სიაში მოხვედრის კრიტერიუმების პროექტი, რომელსაც საბჭო დაამტკიცებდა:

მისივე ცნობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განუცხადა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, რომ უცხოელ ექსპერტებთან, რომლებიც ასევე ჩართული იყვნენ სტრატეგიის შემუშავებაში, უნდა გაიარონ კონულტაციები იმის თაობაზე, თუ რა დატვირთვა აქვს ამ სიას.

სარეზერვო სიას ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com