ტოტალიზატორის ყალბ ანგარიშზე თანხის შეტანა შეიზღუდება – კანონპროექტი

მმართველი გუნდი სათამაშო ბიზნესში ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს. ცვლილელებით, ონლაინ აზარტულ თამაშში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საბანკო ანაგიშსწორებით მოხდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ პირმა ჯერ უნდა შეიტანოს თანხა პირად საბანკო ანგარიშზე და შემდეგ სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით გადაიხედოს. 

“დღეს ყალბი ანგარიშით “აჭარაბეთზე” ან “ლიდერბეთზე”  ჩვეულებრივ შეგიძლიათ თანხა შეიტანოთ. ცვლილებით, თანხის შეტანა ოფიციალურ ანგარიშით მოხდება, რათა სახელმწიფომ ნახოს, რამდენი თანხა შეაქვთ ან გამოაქვთ მომხმარებლებს. მათ ყალბი ანგარიშის გამოყენების საშუალებას სისტემა აღარ მისცემს. თუ აღმოჩნდება, რომ კომპანია ყალბი ანგარიშებით მუშაობს, მას სერიოზული ჯარიმა  დაეკისრება. მაგალითად, ისეთი ყალბი ანგარიში, როგორც არის, პირობითად, მარსი 37 ან რაიმე სხვა, ცვლილებების შემდეგ პირს ანგარიშსწორებისთვის ბანკში ანგარიშის გახსნა მოუწევს,”-აცხადებს დეპუტატი.

ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტით იმ ადამიანების ასაკიც განისაზღვრება, ვისაც უფლება ექნება აზარტული თამაშებით დაკავდეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საუბარია 21 წელზე. ლევან გოგიჩაიშვილი რეგულაციებს ძირითადად ხსნის ფისკალური და სოციალური მიზნებით. როგოც “ქართული ოცნების” წევრი ამბობს, საზოგადების დაკვეთაა, სახელმწიფომ ბიზნესის ეს სექტორი დაარეგულიროს. 

“პირველ რიგში, თანხების ნაკადი უნდა ვაკონტროლოთ. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რა ოდენობის ბრუნვაა სექტორში. თუ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვექნება, შესაბამისად, სახელმწიფო თანხას დაკარგავს. უნდა დავთვალოთ, რამდენია მათი ბრუნვა. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში მოთამაშეთა რიცხვი 400 ათასიდან 700 ათასამდე მერყეობს. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მეტნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მოთამაშეთა რაოდენობა გაცილებით დაბალია. სახელმწიფომ ზუსტად უნდა იცოდეს რასთან გვაქვს საქმე, რათა შესაბამისად იმოქმედოს. სათამაშო ბიზნესში რეგულაციებით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ფოკუსირებული იქნება უცხოელი ვიზიტორებზე და ნაკლებად- შიდა მომხმარებელზე,” – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს 10 ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე კომპანიიდან სამი ტოტალიზატორია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სია არ მოიცავს სადაზღვევო კომპნიებსა და ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშმ მყოფ საფინანსო სექტორს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.