ახალი ამბები

“სოლიდარობის ალიანსი” საარჩევნო კამპანიაში პაუზას იღებს

9 სექტემბერი, 2020 •
“სოლიდარობის ალიანსი” საარჩევნო კამპანიაში პაუზას იღებს

პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”, რომლის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსი დაუდასტურდა, საარჩევნო კამპანიაში პაუზას იღებს.

პარტია აცხადებს, რომ მისი თითოეული წარმომადგენელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას თანმიმდევრულად შეასრულებს.

“თვითიზოლაციაში გადაყვანილია ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში. ასევე, უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ყველასთვის უმნიშვნელოვანესია ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეუღლის ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარება და საზოგადოებას აქტიურად მივაწვდით სიახლეებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენი პარტია, ბუნებრივია, პაუზას იღებს, რადგან უპირველესი არის ჩვენი საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

“სოლიდარობის ალიანსი” აღნიშნავს, რომ პარტიის ინიციატივით 6 სექტემბერს – ქუთაისში და 8 სექტემბერს თბილისში ჩატარებულ ღონისძიებებში ლევან გოგიჩაიშვილი არ  მონაწილეობდა.

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, რომელიც “ტვ პირველის” თანამშრომელია, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი